სალომე ზურაბიშვილი ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტყვით გამოვა
სალომე ზურაბიშვილი ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტყვით გამოვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს იმერეთის რეგიონში შეხვედრებს განაგრძობს.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისში ბოტანიკურ ბაღსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ჰესს დაათვალიერებს, რომელიც საინჟინრო და ინდუსტრიული არქიტექტურის გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენს.

დღესვე, სალომე ზურაბიშვილი გაბაშვილის გორას დაათვალიერებს, რომელზეც ქართულ-პოლონური ერთობლივი ექსპედიციის ხელმძღვანელები მას არქეოლოგიური გათხრების შედეგებს გააცნობენ.

სალომე ზურაბიშვილის შეხვედრები იმერეთის რეგიონში ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლით დასრულდება. პრეზიდენტი საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს მიმართავს.

სალომე ზურაბიშვილი იმერეთს გუშინ ეწვია და რამდენიმე შეხვედრა გამართა. მას სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის რეგიონში შავლეგო ტაბატაძე და ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია მასპინძლობენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის იმერეთში სტუმრობის მიზანი, წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, საქართველოს რეგიონების განვითარების პოტენციალის გაცნობა და რეგიონების განვითარების მხარდაჭერაა.