სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის თანამდებობას ექვსი წლის ვადით დაიკავებს
სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის თანამდებობას ექვსი წლის ვადით დაიკავებს

საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თანამდებობას ექვსი წლის ვადით, 2024 წლამდე დაიკავებს.

პრეზიდენტის ექვსი წლის ვადით არჩევა გამონაკლისის წესით, ერთჯერადად დაშვებულია საქართველოს ახალი კონსტიტუციის გათვალისწინებით, რომელიც 16 დეკემბერს პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ამოქმედდება.

მმართველმა გუნდმა კონსტიტუციური პროექტის განხილვისას პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, ახალი კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში ჩაწერილიყო, რომ ქვეყნის მოსახლეობა პირდაპირი წესით, პრეზიდენტს ექვსი წლის ვადით აირჩევდა. „ქართული ოცნების“ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და მმართველ გუნდს შორის ურთიერთობა დასახელდა.

როგორც საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას, პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, იმისთვის, რომ არ ყოფილიყო პოლიტიკური ინსინუაციები, თითქოს მმართველი გუნდი გიორგი მარგველაშვილს ებრძოდა და ამ მიზნით, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის წესს აუქმებდა, „ქართული ოცნება“ გამონაკლისის სახით, პრეზიდენტის ექვსი წლის ვადით არჩევის ინიციატივით გამოვიდოდა.

ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ, პრეზიდენტის არჩევა საარჩევნო კოლეგიის მიერ მოხდება, რომელიც პარლამენტისა და თვითმმართველობის 300 წარმომადგენლით დაკომპლექტდება.