სალომე ზურაბიშვილი პირდაპირი წესით არჩეული ბოლო პრეზიდენტი იქნება
სალომე ზურაბიშვილი პირდაპირი წესით არჩეული ბოლო პრეზიდენტი იქნება

საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პირდაპირი წესით არჩეული ბოლო პრეზიდენტი იქნება.

პრეზიდენტის არჩევის ახალი წესი განსაზღვრულია ახალი კონსტიტუციით, რომელიც ძალაში 16 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ შევა.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული კონსტიტუციით, რიგით მეხუთე პრეზიდენტი საქმიანობას ექვსი წლის ვადით, 2024 წლამდე წარმართავს, რის შემდეგაც პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება პარლამენტს ექნება. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტს ხუთი წლის ვადით, დებატების გარეშე, ღია კენჭისყრით საარჩევნო კოლეგია აირჩევს. საარჩევნო კოლეგია 300 წევრით იქნება დაკომპლექტებული, მათ შორის პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრით. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობას ცენტრალური საარჩევნო კომისია დაამტკიცებს.

კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ოქტომბერში, პარლამენტის სასახლეში გაიმართება და პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს ექნება. საარჩევნო კოლეგიის ერთ წევრს შეეძლება, მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას.

არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც მიიღებს. რაც შეეხება პრეზიდენტობის კანდიდატის ასაკობრივ ცენზს, კონსტიტუციით, პრეზიდენტად შეიძლება არჩეული იყოს საქართველოს მოქალაქე 40 წლის ასაკიდან, რომელსაც ქვეყანაში 15 წელი ექნება ნაცხოვრები.