სალომე ზურაბიშვილი ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობისთვის ქართველ სამხედროებს მადლობას უხდის
სალომე ზურაბიშვილი ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობისთვის ქართველ სამხედროებს მადლობას უხდის

სალომე ზურაბიშვილი ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობისთვის ქართველ სამხედროებს მადლობას უხდის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველ მშვიდობისმყოფელებს ეწვია და დაათვალიერა ბაზები, სადაც საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები არიან დისლოცირებული და ნატო-ს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ასრულებენ.

„საქართველოს პრეზიდენტი პირადად მისი და ქართველი ხალხის სახელით მადლობას უხდის ქართველ სამხედროებს პროფესიონალიზმისა და თავდადებისათვის, ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობით, მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვაში შეტანილი იმ უდიდესი წვლილისათვის, რომელიც აღიარებულია საქართველოს პარტნიორების მიერ.

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაურთან, გენერალ დანიელ კონლისთან, „მტკიცე მხარდაჭერის“ და აშშ-ის შეიარაღებული ძალების გენერალთან აუსტინ სკოტ მილერთან, ასევე ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტთან მოჰამედ აშრაფ ღანი აჰმადზაისთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა სხვადასხვა საკითხი, მათ შორის, ავღანეთის მხრიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მხარდაჭერის საკითხი, ასევე ავღანეთის მზადყოფნა, გაეცნოს და გაიზიაროს საქართველოს გამოცდილებას ეკონომიკური და საპოლიციო რეფორმების მიმართულებით“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა ბრიფინგზე.