სალომე ზურაბიშვილი ლატვიასა და ესტონეთს ეწვევა
სალომე ზურაბიშვილი ლატვიასა და ესტონეთს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკაში გაემგზავრება.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 15 მაისს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, რაიმონდს ვეიონისის პირისპირ შეხვედრა გაიმართება. პირისპირ შეხვედრის დასრულებისთანავე, იგეგმება საქართველოს პრეზიდენტისა და ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით. აღნიშნული შეხვედრების შემდეგ, გაიმართება ორი ქვეყნის პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენცია.

„ხვალვე გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ლატვიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, არტურს კრიშიანის კარინშისთან. სალომე ზურაბიშვილი ასევე შეხვედრას გეგმავს ლატვიის რესპუბლიკის მეექვსე პრეზიდენტთან, ვაირა ვიკე-ფრაიბერგასთან.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს დიასპორის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

მისივე ცნობით, ლატვიაში ვიზიტი 16 მაისს დასრულდება.

იმავე დღეს, 16 მაისს, საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის რესპუბლიკას ეწვევა. დაგეგმილია პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრები ესტონეთის პრეზიდენტთან. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება სხვა მაღალი რანგის შეხვედრებიც.