სალომე ზურაბიშვილი - კონფლიქტის მოგვარების მხოლოდ ორი გზაა, ერთი ომია და ჩვენ ვგმობთ ძალის გამოყენებას, მეორე არის დიალოგი და დიპლომატია
სალომე ზურაბიშვილი - კონფლიქტის მოგვარების მხოლოდ ორი გზაა, ერთი ომია და ჩვენ ვგმობთ ძალის გამოყენებას, მეორე არის დიალოგი და დიპლომატია

კონფლიქტის მოგვარების მხოლოდ ორი გზაა, ერთი ომია და ჩვენ ვგმობთ ძალის გამოყენებას, მეორე არის დიალოგი და დიპლომატია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მსოფლიო ლიდერთა ფორუმზე, კოლუმბიის უნივერსიტეტში განაცხადა, რომლის საერთაშორისო და საზოგადოებრივ საქმეთა სკოლაშიც 1972-1973 წლებში სწავლობდა.

საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი გამოსვლა სოხუმის დაცემის თემით დაიწყო და ოკუპაციის ფაქტები გაიხსენა, რომელიც დღემდე გრძელდება ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან. პრეზიდენტმა სტუდენტებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, ნატო-სა და ევროკავშირთან თანამშრომლობა და ქვეყნის შიგნით დემოკრატიული განვითარების გზები გააცნო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კითხვები, ქვეყნის დღევანდელ მმართველობას, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს სწრაფვასა და ოკუპირებულ რეგიონებს შეეხო.

„რა თქმა უნდა, კონფლიქტი არ უნდა დაგვავიწყდეს. ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ მკაფიო იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ჩვენმა პარტნიორებმა უნდა შეინარჩუნონ ეს საკითხი დღის წესრიგში, როდესაც ისინი ესაუბრებიან რუსებს, რადგან ამგვარად ჩვენ და თქვენ ვიმეორებთ და ვახსენებთ, რომ ეს სიტუაცია არ არის ნორმალური, რომ ის უნდა გამოსწორდეს, რომ ეს არ შეესაბამება 2008 წელს გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ნორმალურ ურთიერთობებს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში რეგიონის სტაბილური ვერ იქნება, თუ ნორმალურ ურთიერთობებს არ აღვადგენთ. სწორედ ეს უნდა გააკეთონ ჩვენმა პარტნიორებმა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილს დარბაზიდან შემდეგი კითხვა დაუსვეს: „მე მყავს ოჯახი აფხაზეთში, რომელსაც ყოველ ზაფხულს ვსტუმრობ. მე შემიძლია ვნახო 90-იანი წლების კონფლიქტის შედეგები. რა ნაბიჯები შეიძლება გადადგან მსოფლიო ლიდერებმა ტერიტორიული კონფლიქტის სამხედრო ინტერვენციის გარეშე დასარეგულირებლად? აღიარებთ თუ არა აფხაზეთს დამოუკიდბელ სახელმწიფოდ?“.

აღნიშნულ კითხვას სალომე ზურაბიშვილმა ასე უპასუხა: „ბოლო შეკითხვის პასუხია – არა. ამ კონფლიქტის მოგვარების მხოლოდ ორი გზა არსებობს. ერთი არის ომი და ჩვენ ვგმობთ ძალის გამოყენებას და მეორე არის დიალოგი და დიპლომატია“.