სალომე ზურაბიშვილი - იტალიელებსა და ქართველებს ფეხბურთის ფანატიკური სიყვარულიც აახლოებთ, ამის საუკეთესო მაგალითია ჩვენი დედაქალაქის მერი კახი კალაძე
სალომე ზურაბიშვილი - იტალიელებსა და ქართველებს ფეხბურთის ფანატიკური სიყვარულიც აახლოებთ, ამის საუკეთესო მაგალითია ჩვენი დედაქალაქის მერი კახი კალაძე

ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ოფიციალური პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობების მიღმა, ჩვენს ერებს შორის არსებობს კავშირები, რომელიც საერთო მენტალობას, ტემპერამენტს, გემოვნებასა და კულტურულ კოდებს ეფუძნება, – ამის შესახებ განაცხადა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომლის პატივსაცემადაც იტალიის პრეზიდენტმა, სერჯო მატარელამ სახელმწიფო ვახშამი გამართა.

ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ქართველებმა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში იგრძნეს იტალიასთან სულიერი სიახლოვე, რაც შემდგომ პერიოდში კიდევ უფრო გამძაფრდა.

„1851 წელს თბილისის ოპერის თეატრი გაიხსნა დონიცეტის „ლუჩია დი ლამერმურით“ და ქართული საზოგადოება სამუდამოდ „დაავადდა“ ოპერის სიყვარულით. დღეს მთელს მსოფლიოში მრავლად არიან ქართველი ოპერის მომღერლები, მათ შორის იტალიაში, მათ შორის ჩვენთან ერთად ამ საღამოს.

მარინეტის ფუტურისტული მანიფესტი პირველებმა ქართველმა მხატვრებმა თარგმნეს და გააცნეს რუსეთის იმპერიაში მოღვაწე მხატვრებს, სწორედ მარინეტის იდეებმა დიდწილად განსაზღვრა მოდერნისტული ქართული ხელოვნების განვითარების გზა.

იტალიური კინო მსგავსი ტემპერამენტისა და იუმორის გამო ქართველებისთვის ისეთივე მახლობელად იქცა როგორც მშობლიური ქართული კინომატოგრაფია. განსაკუთრებით მახლობელია დღემდე ქართული პუბლიკისთვის ფედერიკო ფელინი, ტონინო გუერა, ნინო როტა, სოფი ლორენი და მარჩელო მასტროიანი.

ჩვენს ერებს ასევე ფეხბურთის ფანატიკური სიყვარული აახლოებთ. ამის საუკეთესო მაგალითია ჩვენი დედაქალაქის, თბილისის მერი კახი კალაძე, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში თამაშობდა მილანში, ხოლო ორი წელი ჯენოაში და რომელიც უნდა ყოფილიყო ჩვენთან ერთად ამ საღამოს.

დაბოლოს, მოგეხსენებათ საქართველო ღვინის სამშობლოა და სწორედ ღვინო და გემრიელი სამზარეულოა ის, რაც ყველაზე მეტად ამჟღავნებს საერთო კულტურულ მისწრაფებებს ჩვენს ერებს შორის და ალბათ სწორედ ამ კულტურული მსგავსების გამო მოაშურა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდგომ ათასობით ქართველმა ემიგრანტმა იტალიას, სადაც მათ ყველაზე ნაკლებად აქვთ სხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისგან განსხვავებით კულტურული უცხოობის განცდა, და მე ამის გამო ქართველი ემიგრაციისა და ქართული საზოგადოების სახელით მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ბატონო პრეზიდენტო და თქვენს ხალხს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დატოვე კომენტარი