სალომე ზურაბიშვილი - გამოსავლის პოვნა, სიტუაციის განმუხტვა და სტაბილურობისა და ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟის შენარჩუნება მე მევალება, ამიტომაც და მხოლოდ ამიტომ მივიღე უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება
სალომე ზურაბიშვილი - გამოსავლის პოვნა, სიტუაციის განმუხტვა და სტაბილურობისა და ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟის შენარჩუნება მე მევალება, ამიტომაც და მხოლოდ ამიტომ მივიღე უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება

გამოსავლის პოვნა, სიტუაციის განმუხტვა, სტაბილურობისა და ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟის შენარჩუნება მე მევალება, ამიტომაც და მხოლოდ ამიტომ მივიღე უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, დღეს ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ ყველას მიერ აღიარებული წარმატებით გაუმკლავდა კრიზისს, დემოკრატიული, თავისუფალი და სტაბილურია, დგას მწვავე პოლიტიკური კრიზისის საფრთხის წინაშე.

„მთავარი, რატომაც ვიღებ ამ გადაწყვეტილებას – დღეს ქვეყანა, იმის მიუხედავად, რომ ყველას მიერ აღიარებული წარმატებით გაუმკლავდა კრიზისს; იმის მიუხედავად, რომ ისეთი დემოკრატიული, თავისუფალი და სტაბილურია, როგორც არასოდეს ყოფილა დამოუკიდებლობის შემდეგ, დგას მწვავე პოლიტიკური კრიზისის საფრთხის წინაშე.

პირდაპირ ვიტყვი, რომ მიღწეულ შეთანხმებაში, რომელსაც მეც მივესალმე, რჩება, დარჩა გარკვეული ბუნდოვანება, რომლის პასუხისმგებლობა ორივე მხარეზეა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება აყენებდეს საკონსტიტუციო და საარჩევნო კოდექსის ცვლილებებს. მაშასადამე, საფრთხეს უქმნიდეს ჩვენს ერთ-ერთ მთავარ მიზანს, სამართლიანი და მშვიდი არჩევნების ჩატარებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ოპოზიცია ცდილობს სიტუაციით მანიპულირებას, არეულობის გამოწვევას, პროცესების ისევ  ქუჩაში გადატანას და ამით პროცესების დესტაბილიზაციას. მისივე თქმით, ისიც არ ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური ვითარებიდან სწრაფი გამოსვლისადა სიტუაციის განმუხტვის ბერკეტი გააჩნდეს.

„აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ გამოსავლის პოვნა, სიტუაციის განმუხტვა და სტაბილურობის შენარჩუნება, ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟის შენარჩუნება მე მევალება, ამიტომაც და მხოლოდ ამიტომ მივიღე ეს გადაყწვეტილება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.