სალომე ზურაბიშვილი - ეს არჩევნები უნდა იყოს სამაგალითო, ძალადობის, სიძულვილის ენის, პირადი ცხოვრების მონაცემების გამოყენების, ფეიკნიუსების გავრცელებისა და ზეწოლის გარეშე
სალომე ზურაბიშვილი - ეს არჩევნები უნდა იყოს სამაგალითო, ძალადობის, სიძულვილის ენის, პირადი ცხოვრების მონაცემების გამოყენების, ფეიკნიუსების გავრცელებისა და ზეწოლის გარეშე

ეს არჩევნები უნდა იყოს სამაგალითო, ძალადობის, სიძულვილის ენის, პირადი ცხოვრების მონაცემების გამოყენების, ფეიკნიუსების გავრცელებისა და ზეწოლის გარეშე, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

„წინ გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომლის დანიშვნას გუშინ მოვაწერე ხელი. ეს არჩევნები უნდა იყოს სამაგალითო, დაცული უნდა იყოს ყველა სუბიექტის უფლებები, რაც გამორიცხავს ძალადობას, სიძულვილის და შეურაცხყოფის ენას, პირადი ცხოვრების მონაცემების გამოყენებას, კონკურენტის მოღალატედ გამოცხადებას, მედიისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას, ფეიკნიუსების გავრცელებასა და სხვადასხვა სახის ზეწოლას. ასეთ არჩევნებსა და ასეთ საარჩევნო გარემოს ელოდება ჩვენგან ჩვენი მოსახლეობა.

მე, როგორც ამ ქვეყნის დემოკრატიულობის, სტაბილურობისა და ევროპულობის გარანტი, მოვუწოდებ მათ ჩართულობისა და აქტიურობისკენ. ამას ელოდება ყველა ჩვენი პარტნიორი და მათ უნდა ვთხოვოთ, მრავალრიცხოვანი სადამკვირვებლო მისიები გამოგზავნონ. ამ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები და ვერავინ უნდა შეძლოს ჩვენი ევროპული გზისთვის ზიანის მიყენება, ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც გარეთ. ამისთვის ჩამოვედი საქართველოში და ამისთვის ვიქნები აქ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.