სალომე ზურაბიშვილი - ძალიან გამიკვირდა ზოგიერთი მხარის რეაქციები, რომლებიც თვლიან, რომ პრეზიდენტის მისვლა დავით გარეჯში არის რაღაც პროვოცირების ნაწილი
სალომე ზურაბიშვილი - ძალიან გამიკვირდა ზოგიერთი მხარის რეაქციები, რომლებიც თვლიან, რომ პრეზიდენტის მისვლა დავით გარეჯში არის რაღაც პროვოცირების ნაწილი

ძალიან გამიკვირდა ზოგიერთი მხარის რეაქციები, რომლებიც თვლიან, რომ პრეზიდენტის მისვლა დავით გარეჯში არის რაღაც პროვოცირების ნაწილი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ამერიკის ხმა“ დაინტერესდა, შესაძლებელია თუ არა, რომ დავით გარეჯში განვითარებული მოვლენები აზერბაიჯანში მის ვიზიტს უკავშირდებოდეს.„დავით გარეჯში მოხდა რაღაც ისეთი, რაც ხშრად არ ხდება ხოლმე“, – აღნიშნა „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტმა პრეზიდენტთან ინტერვიუს დროს.

„ჯერ ერთი, ეს არ არის უჩვეულო. არა ყოველ აღდგომას, მაგრამ რამდენიმეჯერ უკვე მომხდარა. ეს არ არის სწორი, რომ უცებ რაღაც ახალი მოხდა. სხვათა შორის, მე ადრეც ვიყავი ნამყოფი. ძალიან მიკვირს მე იმ ადამიანებისგან, რომლებსაც აქვთ რაღაც პრეტენზია სახელმწიფოებრიობაზე, პატრიოტიზმზე და საერთოდ, ისტორიულ შეგნებაზე, რომლებიც თვლიან, რომ პრეზიდენტის მისვლა დავით გარეჯში, ჩვენი სამონასტრო კომპლექსის დათვალიერება, ჩვენ ტერიტორიაზე, რომელიც არის ყველა ჩვენი პრეტენზიებიდან გამომდინარე, რომლებიც თვლიან, რომ ეს არის რაღაც პროვოცირების ნაწილი. ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი არ უნდა დადიოდეს ისეთ ადგილებში, რომლებსაც ჩვენ ვთვლით, როგორც ჩვენს ტერიტორიას? თუ რას ნიშნავს ეს? მინდა გავერკვიო. ძალიან გამიკვირდა ზოგიერთი მხარის რეაქციები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, შეუძლებელია, მეგობრულ ქვეყნებთან დემარკაციის საკითხები ვერ მოგვარდეს.

„მე რომ ვიყავი აზერბაიჯანში და სომხეთში ორივე ადგილას ვთქვი, რომ შეუძლებელია გაგრძელდეს ის, რომ ჩვენ, ასეთი მეგობრული ქვეყნები, რომლებსაც მართლაც არა აქვთ არაფერი გასაყოფი, ვერ მივიდეთ იმ საბოლოო დემარკაციამდე, რომელიც არის პირველი ნიშანი სახელმწიფოებრიობის. ჩვენ რა სახელმწიფო ვართ, თუ პრაქტიკულად არც ერთი საზღვარი არ გვაქვს. ჩემთვის და ყველასთვის, ვისაც აქვს ეს მოქალაქეობრივი გაგება, ძალიან მტკივნეული საკითხი არის და უნდა შევუდგეთ ამ საკითხს ძალიან აქტიურად, მაგრამ არა წინასწარი დათმობებით​.

არ შევალ დეტალებში, შეიძლება ვერ გაიგონ. ჩვენი პოზიცია არის ძალიან მკაფიო. არსებობდა საბჭოთა კავშირის ბოლოს საზღვარი, რომელიც იყო ადმინისტრაციული საზღვარი 38 წლის რუკებით, რომლის მერეც არ ყოფილა ახალი რუკა. სამართლებრივი პრინციპებიდან გამომდინარე, ეს არის ჩვეულებრივი გადაწყვეტა. მერე შეიძლება ამაზე მოლაპარაკება. საბოლოო არასოდეს არ არის ისეთი მკაცრი პოზიცია, მაგრამ ეს არის ჩვენი საწყისი პოზიცია და ეს ცნობილი არის ჩვენი მეგობრებისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.