სალომე ზურაბიშვილი - დღეს ქვეყანა, იმის მიუხედავად, რომ ყველას მიერ აღიარებული წარმატებით გაუმკლავდა კრიზისს და კვლავ დემოკრატიული, თავისუფალი და სტაბილურია, დგას მწვავე პოლიტიკური კრიზისის საფრთხის წინაშე
სალომე ზურაბიშვილი - დღეს ქვეყანა, იმის მიუხედავად, რომ ყველას მიერ აღიარებული წარმატებით გაუმკლავდა კრიზისს და კვლავ დემოკრატიული, თავისუფალი და სტაბილურია, დგას მწვავე პოლიტიკური კრიზისის საფრთხის წინაშე

დღეს ქვეყანა, იმის მიუხედავად, რომ ყველას მიერ აღიარებული წარმატებით გაუმკლავდა კრიზისს და კვლავ დემოკრატიული, თავისუფალი და სტაბილურია, დგას მწვავე პოლიტიკური კრიზისის საფრთხის წინაშე, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც მის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება განმარტა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებაში დარჩა გარკვეული ბუნდოვანება, რომლის პასუხისმგებლობა ორივე მხარეზეა.

„როგორც საზოგადოებამ კარგად იცის, მე ამ ქვეყანაში არც პირადი ამბიციების, არც მატერიალური თუ სხვა ინტერესების დასაკმაყოფილებლად არ ჩამოვსულვარ. მე მხოლოდ და მხოლოდ ჩემი სამშობლოს ბედი მაინტერესებდა და მაინტერესებს დღესაც. ამის გამო მოვითმინე და კიდევ მოვითმენ შეურაცხყოფას.

ჩემი პრინციპულობა არსად წასულა და ზუსტად პრინციპულობის გამო, ჩემს ემოციებსა და ჩემს პირად შეხედულებებს ვერ და არ დავაყენებ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა.

ახლა მთავარი, რატომ ვიღებ ამ გადაწყვეტილებას – დღეს ქვეყანა, იმის მიუხედავად, რომ ყველას მიერ აღიარებული წარმატებით გაუმკლავდა კრიზისს; იმის მიუხედავად, რომ ისეთი დემოკრატიული, თავისუფალი და სტაბილურია, როგორც არასოდეს ყოფილა დამოუკიდებლობის შემდეგ, დგას მწვავე პოლიტიკური კრიზისის საფრთხის წინაშე.

პირდაპირ ვიტყვი, რომ მიღწეულ შეთანხმებაში, რომელსაც მეც მივესალმე, რჩება, დარჩა გარკვეული ბუნდოვანება, რომლის პასუხისმგებლობა ორივე მხარეზეა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება აყენებდეს საკონსტიტუციო ცვლილებებს, საარჩევნო კოდექსის ცვლილებებს და მაშასადამე, საფრთხეს უქმნიდეს ჩვენს ერთ-ერთ მთავარ მიზანს, სამართლიანი და მშვიდი არჩევნების ჩატარებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ოპოზიცია ცდილობს სიტუაციით მანიპულირებას, არეულობის გამოწვევას, ისევ ქუჩაში პროცესების გადატანას და ამით პროცესების დესტაბილიზაციას. მისივე თქმით, ისიც არ ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური ვითარებიდან სწრაფი გამოსვლისა და სიტუაციის განმუხტვის ბერკეტი გააჩნდეს.

„აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ გამოსავლის პოვნა, სიტუაციის განმუხტვა და სტაბილურობისა და ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟის შენარჩუნება მე მევალება, ამიტომაც და მხოლოდ ამიტომ მივიღე ეს გადაყწვეტილება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.