სალომე ზურაბიშვილი - ჩვენი მიზანია, კლიმატის ცვლილების მიმართ მოქნილი საქართველო ავაშენოთ
სალომე ზურაბიშვილი - ჩვენი მიზანია, კლიმატის ცვლილების მიმართ მოქნილი საქართველო ავაშენოთ

ჩვენი მიზანია, კლიმატის ცვლილების მიმართ მოქნილი საქართველო ავაშენოთ და შევამციროთ კლიმატით გამოწვეული დანაკარგები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ყველასათვის ცხადია, რომ კლიმატის ცვლილება თითოეულ ადამიანსა და თითოეულ ქვეყანაზე ახდენს გავლენას. ჩვენ უკვე უშუალოდ ვგრძნობთ ამ ზემოქმედებას და გვესმის, თუ რა პასუხისმგებლობა გვაკისრია ჩვენი პლანეტის გადასარჩენად, რათა ჩვენ შვილებს შეეძლოთ აქ ცხოვრება. ზოგ ტერიტორიებზე გაუდაბნოების პროცესი მიმდინარეობს, ზოგი ტერიტორია იტბორება ზღვის დონის მატების გამო, ზოგან კი დამანგრეველი ქარიშხლები მძვინვარებს, რისი მოწმეც ამ ცოტა ხნის წინ გავხდით ბაჰამას კუნძულებზე, ასევე გავიხსენოთ ხანძრები ამაზონიაში.

საქართველო, როგორც კლიმატის ცვლილების შესახებ გაერთიანებული ერების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) წევრი ქვეყანა, სრულად უჭერს მხარს კონვენციის მიზნებს, კლიმატის ცვლილების მთავრობათშორისი საექსპერტო ჯგუფის (IPCC) დასკვნებს. შესაბამისად, საქართველომ განაახლა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი (NDC) 2021-2030 წლების კლიმატის სამოქმედო გეგმის შემუშავების პარალელურად, იმის უზრუნველსაყოფად, რომ 2030 წლისთვის სათბური გაზების დონე 40 პროცენტით ნაკლები იქნება 1990 წელს დაფიქსირებულ დონესთან შედარებით.

კლიმატის სამიტზე, რომელიც ამ ორი დღის წინ შედგა, კარგად გამოჩნდა სერიოზული ნახტომისათვის საჭირო იმპულსი და ნება, აგრეთვე არსებული პოტენციალი, რომელიც ითვალისწინებს კლიმატის საზოგადოებრიობისთვის უფრო ამბიციური ზომების უზრუნველყოფას პარიზის შეთანხმების შესასრულებლად.

საქართველოს, როგორც მრავალ სხვა მცირე ზომის ქვეყანას, არ აქვს მასშტაბური მრეწველობა, რასაც სათბური გაზების გამოყოფა მოჰყვება. მაგრამ ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მსგავსად, ჩვენ ვგრძნობთ არსებულ ზეგავლენას და მისდამი ადაპტირებას ვახდენთ. ჩვენი მიზანია, კლიმატის ცვლილების მიმართ მოქნილი საქართველო ავაშენოთ და შევამციროთ კლიმატით გამოწვეული დანაკარგები“, – განაცხადა სალომე უზრბიშვილმა.

​საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ​​დღესდღეისობით საქართველო ფაუნისა და ფლორის ბიომრავალფეროვნების უნიკალურ რეზერვუარს წარმოადგენს, სადაც დიდი რაოდენობით ენდემური სახეობებია თავმოყრილი.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს უნიკალური გეოგრაფიული ადგილმდებარეობა და ბიომრავალფეროვნება ჩვენი პლანეტის მომავლისთვის უნდა იქნეს შენარჩუნებული. საქართველო კლიმატის ინტეგრირებული პოლიტიკის შემუშავების პროცესში იმყოფება. ჩვენ ვნერგავთ კლიმატის მიმართ მეგობრულ სტიმულებს ენერგეტიკის სფეროში, ასევე მხარს ვუჭერთ მწვანე ეკონომიკასა და ენერგოეფექტურ ინიციატივებს. ამ მხრივ პრევენციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ამინდს, მაგრამ სტიქიური უბედურებები სრულებითაც არ არის გარდაუვალი. უფრო მეტიც, ადგილობრივი თემების დახმარებით მათ მიერ სტიქიური მოვლენების რისკების გააზრებასა და შემცირებაში საქართველო მოქნილობის ფუნქციას აძლიერებს, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიისა და თვითმმართველობისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.