სალომე ზურაბიშვილი - ჩვენი ერთ-ერთი პრობლემაა, რომ სრულ პესიმიზმში ვართ ჩაძირული
სალომე ზურაბიშვილი - ჩვენი ერთ-ერთი პრობლემაა, რომ სრულ პესიმიზმში ვართ ჩაძირული

ჩვენი ერთ-ერთი პრობლემაა, რომ სრულ პესიმიზმში ვართ ჩაძირული, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალი ხედვისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რეგიონებში არსებულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის კითხვაზე, რომ განსაკუთრებით რეგიონებიდან არის ადამიანების მიგრაცია, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა: „ეს არის პირველი ტალღა. ჩამოდიან თბილისში და შეიძლება, აქედან უცხოეთში. მაგრამ მეორე ტალღაც არსებობს. ერთ-ერთი პრობლემა, რაც გაგვაჩნია, ეს არის, რომ ვართ ჩაძირული სრულ პესიმიზმში. მე, მაგალითად, რეგიონებში რომ ჩავდივარ, იქიდან ჩამოვდივარ ბევრად ოპტიმისტი, ვიდრე თბილისში ტრიალით. რატომ, იმიტომ, რომ თუ სადმე არის ინიციატივები, ახალი წამოწყებები, ეს არის რეგიონებში. ეს არასაკმარისია იმისთვის, რომ რეგიონების ეკონომიკურ განვითარება უკვე თვალსაჩინო იყოს, მაგრამ ეს ხდება“.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ახალგაზრდებმა ამ ქვეყანაში პერსპექტივა უნდა დაინახონ.

„ამიტომ ჩავდივარ, რომ მოვისმინოთ მათი ხმა და ყველა ჩემი ჩასვლის შემდეგ გვაქვს ეს გადაცემები იმ ადამიანებთან, ხშირ შემთხვევაში ქალებთან სხვათა შორის. მაგალითად, მაღალმთიან რეგიონებში დაიწყო დაბრუნება. ეს არის ჯერ კიდევ ერთეულები, მაგრამ ესეც არსებობს და არ შეიძლება ქვეყანა ცხოვრობდეს ისე, რომ მხოლოდ ცუდს ხედავდეს, კარგს არასოდეს ხედავდეს და არავისგან მოდიოდეს ეს იმპულსი, რომ არის რაღაცები.

ჩვენ თუ გვინდა რომ ახალგაზრდებმა ეს ინიციატივები მიიღონ, ის ახალგაზრდები, რომლებიც გარეთ სწავლობენ, დაბრუნდნენ და იგრძნონ, რომ ამ ქვეყანაში რაღაც პერსპექტივა არის, ეს პერსპექტივაც უნდა დავანახოთ. ჩვენ ძირითადად ვუყურებთ იმას, რაც არის ყველაზე უფრო დამამძიმებელი. არც ერთი ქვეყანა ამას ვერ გადაურჩება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.