სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ ბრწყინვალე ექიმები გვყავს, საქართველო მეტად პოპულარული ხდება სამედიცინო ტურიზმისათვის
სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ ბრწყინვალე ექიმები გვყავს, საქართველო მეტად პოპულარული ხდება სამედიცინო ტურიზმისათვის

ჩვენ ბრწყინვალე ექიმები გვყავს, საქართველო მეტად პოპულარული ხდება სამედიცინო ტურიზმისათვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ჯანმრთელობა ყოველი ადამიანის ხელშეუხებელი უფლებაა, რასაც საფრთხე ემუქრება მკურნალობისა და მედიკამენტების ფასების ზრდის გამო.

„მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელსაც მითოლოგია ჯანმრთელობასა და მედიცინასთან აკავშირებს მედეას, მედიცინის ქალღმერთის წყალობით. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ჩვენ ტრადიციულად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჯანდაცვას. არც ის არის გასაკვირი, რომ ჩვენ ბრწყინვალე ექიმები გვყავს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოღვაწეობენ. საქართველო უფრო და უფრო მეტად პოპულარული ადგილი ხდება სამედიცინო ტურიზმისათვის თავისი მრავალრიცხოვანი თერმული კურორტების წყალობით, რომელთა მოდერნიზაცია ამჟამად ხორციელდება.

ჩვენ გვწამს, რომ ჯანმრთელობა ყოველი ადამიანის ხელშეუხებელი უფლებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს საყოველთაო და ხელმისაწვდომი ხარისხიანი ჯანდაცვის მომსახურება. ამ ხელშეუხებელ უფლებას დღეს საფრთხე ემუქრება მკურნალობისა და მედიკამენტების ფასების ზრდის გამო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, თანამედროვე სამყაროში სულ უფრო მეტი დაავადების განკურნება არის შესაძლებელი, მედიცინა სასწაულებს ახდენს, მაგრამ ფასები მრავალჯერ იზრდება და ტვირთად აწევს სოციალურ ბიუჯეტს, საზოგადოებრივ სამსახურებსა და ცალკეული მოქალაქეების პირად რესურსებს.

„საქართველომ პოლიტიკური არჩევანი გააკეთა ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის სისტემის სასარგებლოდ. ჯანდაცვაზე გამოყოფილი ბიუჯეტი სამჯერ გაიზარდა სხვა სექტორებთან შედარებით და ჩვენი მოქალაქეების 90 პროცენტს ხელი მიუწვდება პირველადი ჯანდაცვის სისტემის მომსახურებაზე. ჩვენ სერიოზული მიღწევები გვაქვს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის კუთხით, TB-ის, TB-ის რეზისტენტული ფორმების მკურნალობის სფეროში; შიდსი/აივ თითქმის დაძლეულია. საქართველოში წარმატებით განხორციელდა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ჯანმო-სა და სხვა კერძო სექტორის პარტნიორების მხარდაჭერით, რითაც ეროვნული მასშტაბით ქრონიკული დაავადების დაძლევის მსოფლიოში პირველი პრეცედენტი შეიქმნა.

ჩვენ კიდევ ბევრი სერიოზული გამოწვევა გვაქვს. მეამაყება, რომ ამ ორიოდ დღის წინ შედგა ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის პრეზენტაცია, რომელსაც USAID-ის უჭერს მხარს. იმედი გვაქვს, ეს პროექტი საფუძვლად დაედება საერთაშორისო თანამშრომლობას საქართველოში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.