სალომე სამადაშვილი - შეთანხმება არ არის მხოლოდ ის, რაც შეთანხმების ტექსტშია დაბეჭდილი
სალომე სამადაშვილი - შეთანხმება არ არის მხოლოდ ის, რაც შეთანხმების ტექსტშია დაბეჭდილი

შეთანხმება არ არის მხოლოდ ის, რაც შეთანხმებაში წერია, ანუ რაც ტექსტშია დაბეჭდილი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„არსებობს მისი პოლიტიკური სულისკვეთება და თუ ამ პოლიტიკური სულისკვეთების დაცვა გვინდა, ცხადია, უკეთესი იქნება, ოპოზიცია და ხელისუფლება ამნისტიის ისეთ ვერსიაზე შეჯერდეს, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება. ეს ამ ეტაპზე, არის სამუშაო პროცესი“, – განაცხადა სამადაშვილმა. 

გადაცემის წამყვანის, თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რამდენად ნორმალურად აღიქმება ის, როცა შარლ მიშელის წასვლიდან მეხუთე დღეს აბსოლუტურად ახალი ინიციატივა ჩნდება და ქმნის თუ არა უხერხულობას ის ფაქტორი, რომ ნიკა მელიას გათავისუფლების მექანიზმი ხელმოწერის შემდეგ დავის საგანი გახდა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ შეთანხმება ტოვებს სივრცეებს, პარტიებმა დაიტოვონ ისეთი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა, რომელიც ამ შეთანხმების შესრულებას დაეხმარება.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, აპირებს თუ არა ნიკა მელიასთან შეხვედრის შემდეგ პარტიის დატოვებას, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ დღეს პირველი რიგის ამოცანა, მათ შორის, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა, რის შემდეგაც იქნება საუბრისა და ფიქრის დრო და შესაძლებლობა.

„დღეს არსებობს პირველი რიგის ამოცანა და მათ შორის, ეს პირველი რიგის ამოცანა არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება. რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას, თუ საპარლამენტო მუშაობას და ა.შ, დარწმუნებული ვარ, ამის შემდეგ იქნება დრო და შესაძლებლობა საუბრის, ფიქრის და გაკეთების“, – განაცხადა სამადაშვილმა.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, ნიკა მელიასთან საუბარი სურს მისი რაც შეიძლება, სწრაფად გათავისუფლების შესაძლებლობებზე და არა საკუთარ ურთიერთობებზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

„მე პატივს ვცემ ნიკას პოზიციას. ჩემთვის გასაგებია მისი პოზიცია, როგორც ამნისტიასთან, ისე გირაოსთან დაკავშირებით, მაგრამ ამავე დროს, ცხადია, ჩვენ უნდა მოვძებნოთ ამ ჩიხური ვითარებიდან გამოსავალი და ნიკა არა მხოლოდ უნდა გათავისუფლდეს, არამედ მის წინააღმდეგ დევნა უნდა შეწყდეს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.