სალომე სამადაშვილი - რატომ არ იფიქრა დავით ბაქრაძემ, რომ მისი თავდასხმა მიხეილ სააკაშვილზე ძალიან ძვირი დაუჯდებათ მაჟორიტარობის კანდიდატებს „ევროპული საქართველოდან“
სალომე სამადაშვილი - რატომ არ იფიქრა დავით ბაქრაძემ, რომ მისი თავდასხმა მიხეილ სააკაშვილზე ძალიან ძვირი დაუჯდებათ მაჟორიტარობის კანდიდატებს „ევროპული საქართველოდან“

რატომ არ იფიქრა დავით ბაქრაძემ, რომ მისი თავდასხმა მიხეილ სააკაშვილზე ძალიან ძვირი დაუჯდებათ მაჟორიტარობის კანდიდატებს „ევროპული საქართველოდან“, – აღნიშნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადების შეფასებისას, რომ კოალიციური მთავრობის დაკომპლექტებისას ექნებათ პირობები, „სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი არ იქნებიან მინისტრთა კაბინეტში, მათ შორის პრემიერ-მინისტრად“.

„მსგავსი განცხადებები ნამდვილად არ ეხმარება ოპოზიციის ერთიანობას. ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ იფიქრა ბატონმა ბაქრაძემ, რომ მისი მხრიდან თავდასხმა მიხეილ სააკაშვილზე ძალიან ძვირი დაუჯდებათ მაჟორიტარობის კანდიდატებს „ევროპული საქართველოდან“, სადაც მათ სჭირდებათ, მაგალითად თბილისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის მხარდაჭერა. ასევე, ვფიქრობ, რომ ცოტათი გაუგებარი იქნება ამომრჩევლისთვის მსგავსი განცხადებები ადამიანისგან, რომელსაც საკონსტიტუციო უფლებამოსილებაც და ვალდებულებაც ჰქონდა აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის, როცა ის პარლამენტის თავმჯდომარე იყო. გაუგებარია, მაშინ რატომ უნდა ენდოს ამომრჩეველი დავით ბაქრაძეს, თუ ის თავის დროზე ვერ ასრულებდა იმ ფუნქციებს, რომელიც ჰქონდა დაკისრებული. ეს განცხადება არის დამაზიანებელი, როგორც საერთო ოპოზიციური მიზნებისთვის, ასევე დამაზიანებელია პირადად დავით ბაქრაძისთვის“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა „მთავარ არხთან“.