სალომე სამადაშვილი - ლევან ხაბეიშვილი იცავდა ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს და ამის გამო, სასტიკად სცემეს საკუთარმა კოლეგებმა
ლევან ხაბეიშვილი იცავდა ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს და ამის გამო, სასტიკად სცემეს საკუთარმა კოლეგებმა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა გუშინ თბილისის საკრებულოში მომხდარი ინციდენტის შეფასებისას განაცხადა, რა დროსაც მისი თანაპარტიელი, ლევან ხაბეიშვილი დაშავდა.
სამადაშვილის თქმით, გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ხელისუფლება გადასულია ძალადობის რეჟიმზე.
„ეს ძალადობის რეჟიმი არის მათ შორის ფიზიკური ძალადობა ოპოზიციის წარმომადგენლებზე, დაპატიმრება, დევნა, პოლიტიკური შევიწროება. ეს ყველაფერი მხოლოდ დააჩქარებს ბიძინა ივანიშვილის გარდაუვალ კრახს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ლევან ხაბეიშვილი იცავდა ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს და ამის გამო, ის სასტიკად სცემეს საკუთარმა კოლეგებმა.
ჩვენ ვნახეთ, რომ დაუსჯელი დარჩა ძალადობის ყველა ინციდენტი დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, თუმცა სიტყვიერი თავდასხმა უმრავლესობის წარმომადგენელ დეპუტატზე აღმოჩნდა, რომ თურმე, დასჯადია. ჩვენ გვახსოვს გამოუძიებელი კორცხელის ამბები, გვახსოვს მთელი რიგი სხვა ინციდენტები და სწორედ ეს არის ძალადობის რეჟიმის წახალისება. ბიძინა ივანიშვილი და დღევანდელი ხელისუფლება სულ უფრო ხშირად იქცევა, როგორც კრიმინალური დაჯგუფება და არა დემოკრატიული ქვეყნის არჩეული ხელისუფლება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის სხდომაზე გუშინ დაპირისპირება მოხდა. საკრებულოში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.