სალომე სამადაშვილი - იმედია, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ, „ნაცმოძრაობა“ ჩამოყალიბდება, ამ პარტიის გარეშე წარმომადგენლობითობაზე საუბარი რთულია
სალომე სამადაშვილი - იმედია, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ, „ნაცმოძრაობა“ ჩამოყალიბდება, ამ პარტიის გარეშე წარმომადგენლობითობაზე საუბარი რთულია

იმედია, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ, „ნაცმოძრაობა“ ჩამოყალიბდება, პარლამენტი სრულად დაკომპლექტდება, ამ პარტიის გარეშე წარმომადგენლობითობაზე საუბარი რთულია, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას სალომე სამადაშვილმა.

სამადაშვილის თქმით, სამშაბათს ოპოზიცია მივა პარლამენტში, რათა დაარეგისტრიროს ამნისტიის კანონპროექტი.

„ჯერ ვერ ვისაუბრებ იმაზე, როგორი პარლამენტი მივიღეთ, რადგან არ დაგვიწყია მუშაობა პარლამენტში. ჩვენი პოზიცია არის შემდგომი, რომ მხოლოდ ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლების შემდეგ შეიძლება, ვისაუბროთ სრულყოფილად საპარლამენტო მუშაობაში ჩართვაზე და საქმიანობაზე. ამიტომ, ამ ეტაპზე, ჩვენი თანამონაწილეობა საკანონმდებლო პროცესში მიმდინარეობს და დაიწყება მომავალ კვირაში, ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით.

როდესაც კანონპროექტი მიღებული იქნება, ამის შემდეგ, დიდი იმედი მაქვს, ეს მალევე მოხდება, ნიკა მელია გათავისუფლდება და შემდეგ „ნაციონალური მოძრაობაც“ შესაბამისად ჩამოყალიბდება საკუთარ პოზიციაზე და პარლამენტი იქნება სრულად დაკომპლექტებული. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმოდგენის გარეშე პარლამენტში წარმომადგენლობითობაზე ამ საპარლამენტო ორგანოში საუბარი რთულია. სამშაბათს ოპოზიცია მივა პარლამენტში იმისთვის, რომ დაარეგისტრიროს ეს კანონპროექტი. იმავე დღეს პრეზიდენტი ზურაბიშვილი გამოსცემს შეწყალების აქტს და ამის შემდეგ, ჩვენ საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობას მივიღებთ, მხოლოდ და მხოლოდ ამნისტიის კანონპროექტს რაც შეეხება. ჩემთვის პრიორიტეტული საკითხები იქნება მიშელის გეგმაში შეთანხმებული ყველა სხვა საკითხი, საარჩევნო რეფორმა, მართლმსაჯულების რეფორმა; პრიორიტეტი იქნება მიშელის გეგმის ყველა პუნქტის ბოლომდე მიყვანა და შესრულება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.