სალომე სამადაშვილი - ძალადობისა და დაშინების კამპანიაზე პარტიებმა ერთიანი პოზიცია უნდა დავიცვათ
სალომე სამადაშვილი - ძალადობისა და დაშინების კამპანიაზე პარტიებმა ერთიანი პოზიცია უნდა დავიცვათ

რაც მარნეულში ხდება, არის დაშინების ორგანიზებული კამპანია პოლიტიკური ოპონენტების, მედიისა და უბრალოდ, მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებსაც სურთ, აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ პროცესში და საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია დააფიქსირონ, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა.

„ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ხელისუფლება რეალურად დარწმუნებულია, ეს არჩევნები მათთვის ძალიან სავალალო შედეგით დასრულდება. ამიტომ გადავიდა პირდაპირ ძალადობისა და დაშინების კამპანიაზე. პირველ რიგში, ჩვენ ამ ვითარებასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია უნდა დავიცვათ და რამდენადაც ვიცი, დღეს იკრიბებიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, სადაც ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. ჩვენ მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობასა და საქმის კურსში ჩავაყენებთ ამასთან დაკავშირებით.

ძალადობის ყველა ეს ფაქტი ფიქსირდება, რომელიც ხორციელდება ჟურნალისტებისა და დამოუკიდებელი მასმედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ, პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ და ეს ყველაფერი იქნება გამოძიებული. არ მაქვს რწმენა და მოლოდინი, რომ ამ დანაშაულს გამოიძიებს დღევანდელი ხელისუფლება, მაგრამ ამის შესაძლებლობა იქნება უახლოეს მომავალში. მხარდაჭერას ვუცხადებთ ყველა ჟურნალისტს და ყველას კომისიებში, იქნება ეს ჩვენი პარტიისა თუ სხვა პარტიის წარმომადგენელი; აქტივისტებსა თუ დამკვირვებლებს, რომლებიც, როგორც ჩანს, ხელისუფლების სამიზნე არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გახდნენ სწორედ იმიტომ, რომ ისინი ამ არჩევნებში ელოდებიან დამაჯერებელ მარცხს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დატოვე კომენტარი