სალომე სამადაშვილი - დღეს ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაცია გავიგეთ აშშ-ის დედაქალაქიდან
სალომე სამადაშვილი - დღეს ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაცია გავიგეთ აშშ-ის დედაქალაქიდან

დღეს ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაცია გავიგეთ აშშ-ის დედაქალაქიდან, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი.

​„ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ის კონგრესმა დააწესა უკვე სანქცია ბიძინა ივანიშვილის კორუმპირებული და ავტოკრატული რეჟიმისთვის. კონკრეტულად, კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტმა შეაჩერა საქართველოსთვის იმ დახმარების გაცემა, რომელიც განკუთვნილი იყო ჩვენი ქვეყნისთვის, ვიდრე არ მოისმენს შეფასებებს სახელმწიფო დეპარტამენტი ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, რაც შეეხება კორუფციასა და დემოკრატიას.

ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში და მსოფლიოში უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ივანიშვილის კორუმპირებული მმართველობა საფრთხეს უქმნის იმას, რაზეც ჩვენ ბევრად მეტად ვართ დამოკიდებული, ვიდრე ოდესმე, დახმარებას დასავლეთიდან, დახმარებას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან. 30-წლიანი ურთიერთობის მანძილზე საქართველოსა და აშშ-ს შორის მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხშირად მოგვისმენია კრიტიკა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი მეგობრებისგან და სტრატეგიული პარტნიორებისგან.

მაგრამ დღეს უპრეცედენტო ნაბიჯს დგამს აშშ-ის კონგრესი, როდესაც ორივე პარტიის მხარდაჭერით აწესებს სანქციას ივანიშვილის რეჟიმთან მიმართებაში. ეს ხდება იმიტომ, რომ სრულიად უპრეცედენტო კორუფციის მასშტაბმა შეუძლებელი გახადა დახმარების მიტანა ადამიანებამდე. ანუ, კორუფციის ჭაა ჩვენს ქვეყანაში. ოქტომბერში ივანიშვილის რეჟიმი დასრულდება ჩვენს ქვეყანაში მშვიდობიანი არჩევნების გზით, რაც არის ჩვენი სიკვდილ-სიცოხლისთვის ბრძოლის საქმე. ჩვენ ან დავამარცხებთ ოქტომბერში ივანიშვილის ავტოკრატულ რეჟიმს, ან საქართველოს და თითოეულ მოქალაქეს ელოდება უკიდურესი სიღარიბე, გაჭირვება და ქვეყანასა ელოდება საერთაშორისო იზოლაცია“, – აცხადებს სალომე სამადაშვილი.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტმა გამოაქვეყნა საგარეო ოპერაციების დაფინანსების შესახებ კანონპროექტი 2021 ფისკალური წლისთვის. აღნიშნული კანონპროექტი სახელმწიფო დეპარტამენტის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და სხვა საერთაშორისო პროგრამებისა და აქტივობების დაფინანსებას ითვალისწინებს. ასიგნებათა კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული პროექტის თანახმად, საქართველოსთვის გათვალისწინებულია სულ მცირე 132 025 000 დოლარის დაფინანსების გამოყოფა. ამასთან, გამოქვეყნებული დოკუმენტი დაფინანსების ნაწილის შეჩერებას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტში ნათქვამია, რომ საქართველოს ცენტრალური მთავრობისთვის გათვალისწინებული დახმარების 15 პროცენტის გამოყოფის ვალდებულება შეიძლება, შეჩერდეს, ვიდრე სახელმწიფო დეპარტამენტი არ განსაზღვრავს და არ წარუდგენს ასიგნებათა კომიტეტს ანგარიშს, რომ ეს მთავრობა დგამს ეფექტიან ნაბიჯებს: ა) დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად; ბ) მთავრობაში კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად, მათ შორის ანტიკორუფციული კანონებისა და რეგულაციების გამოყენებით; გ) იმის უზრუნველსალყოფად, რომ კერძო სექტორში კანონის უზენაესობა შეესაბამება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, მათ შორის საუბარია უცხოური ბიზნესის დევნისგან თავისუფალი საქმიანობის, ასევე საქართველოში ჩადებული ინვესტიციების შედეგად მიღებული კომერციული და ფინანსური სარგებლის სრული რეალიზების უფლებების დაცვაზე. ბოლო პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების შეჩერება არ ვრცელდება პროგრამებზე, რომლებიც მხარს უჭერს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას, ან პროგრამებზე, რომელიც მიმართულია გენდერული ნიშნით ძალადობის შემცირებისკენ და მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების დაცვისკენ. ამასთანავე, სახელმწიფო მდივანს შეუძლია, უარი თქვას აღნიშნული პუნქტის გამოყენებაზე, თუკი განსაზღვრავს და ასიგნებათა კომიტეტს ანგარიშს წარუდგენს, რომ ამის გაკეთება მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული ინტერესებისთვის.