„სალერნიტანა“ იტალიის სერია C-ში დაქვეითდა – ლუკა ლოჩოშვილი „კრემონეზეში“ ბრუნდება #1TVSPORT
ლუკა ლოჩოშვილის „სალერნიტანა“ იტალიის სერია B-ს პლეი აუტის ორივე შეხვედრაში დამარცხდა „სამპდორიასთან“ და სერია C-ში დაქვეითდა. იჯარით გადასული ქართველი მცველი კლუბს დატოვებს და „კრემონეზეში“ დაბრუნდება, – ინფორმაციას Cuoregrigiorosso ავრცელებს.
ლოჩოშვილის გუნდმა პირველი მატჩი სტუმრად 0:2 დათმო, თუმცა საპასუხო შეხვედრაში ლიგაში დარჩენის შანსს ინარჩუნებდა. აღსანიშნავია, რომ „ჯვაროსნების“ ფეხბურთელმა ორივე მატჩში თავის გუნდში საუკეთესო შეფასება მიიღო.
„სამპდორიამ“ განმეორებითი მატჩი შესანიშნავად დაიწყო და 2:0-ს იგებდა, თუმცა მეორე ტაიმში, ტრიბუნებზე არეულობის გამო, არბიტრმა თამაში შეაჩერა. მასპინძელთა ფანების გაჩერება ვერ მოხერხდა, რის გამოც უსაფრთხოების ნორმების დარღვევის ფონზე „სალერნიტანას“ ტექნიკური წაგება – 0:3 ჩაეთვალა.
„ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზეში“ დაბრუნება თითქმის გარდაუვალია. ქართველმა მცველმა სალერნოში იჯარით ნახევარი სეზონი გაატარა და გადარჩენის შემთხვევაში კლუბი მისი ტრანსფერის გამოსყიდვის უფლებით ისარგებლებდა. სულ, იანვრიდან მოყოლებული, „ვოლფსბერგერის“ ყოფილმა მოთამაშემ 19 მატჩი ჩაატარა. მისი იტალიის სერია A-ში დარჩენის პერსპექტივას „კრემონეზეს“ მწვრთნელი შეაფასებს“, – წერს იტალიური გამოცემა.