სალაჰი - „ლივერპულში“ დიდი ხნით დარჩენა მსურს
სალაჰი - „ლივერპულში“ დიდი ხნით დარჩენა მსურს

ეგვიპტელმა თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰმა, ნორვეგიულ TV2-თან, მის მომავალ გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ლივერპულში“ დიდი ხნით დარჩენა სურს, მაგრამ ყველაფერი კლუბის ხელშია.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მედიაში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ ფეხბურთელი ახალი შემოთავაზებებისათვის მზად იყო, რის შემდეგაც მას მადრიდის „რეალსა“ და „ბარსელონას“ უკავშირებდნენ.

„მე თუ მკითხავთ, გუნდში დარჩენა მსურს, მაგრამ ყველაფერი კლუბის ხელშია. „ლივერპულში“ ყოფნის ბოლო წუთამდე ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ და მსურს აქ ბევრი თასი მოვიგო“, – განაცხადა სალაჰმა.

28 წლის ფეხბურთელს „ბარსელონასა“ და „რეალში“ სავარაუდო გადასვლაზეც ჰკითხეს, რაზეც მან უპასუხა:

„არავინ იცის მომავალში რა მოხდება. მაგრამ ამ ეტაპზე კონცენტრირებული ვარ „ლივერპულთან“ ერთად პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე.“

ეგვიპტელს ამ სეზონში ინგლისის პრემიერლიგაში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი. მან 17 თამაშში 13-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება.