საკლუბო ტურნირებზე გასულებმა ლიცენზია მიიღეს - ქალთა გუნდებში ეს პირველად მოხდა
საკლუბო ტურნირებზე გასულებმა ლიცენზია მიიღეს - ქალთა გუნდებში ეს პირველად მოხდა

„განხილულ იქნა უეფას 2020/2021წ.წ. სეზონისთვის ლიცენზიების გაცემის საკითხები და ლიცენზირების კომიტეტმა მიიღო შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილებები, რომლებიც ეცნობა ფეხბურთის კლუბებს“. – ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

ამით სფფ-ს ლიცენზირების კომიტეტმა 2020/2021 წლების ლიცენზირების პროცესი დაასრულა. ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო სალიცენზიო პროცესი ონლაინ რეჟიმში გაგრძელდა და შეუფერხებლად დასრულდა.

კერძოდ: უეფას ლიცენზია მიიღო ევროპის 2020/2021წწ. საკლუბო ტურნირებზე გასულმა ოთხივე ქართულმა კლუბმა: 1 – „დინამო თბილისი“, 2 – „დინამო““(ბათუმი), 3 – „საბურთალო“ (თბილისი) და 4 – „ლოკომოტივი“ (თბილისი).

უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგისთვის წელს პირველად განხორციელდა ქალთა ფეხბურთის კლუბების ლიცენზირება. სფფ-ს ცნობით, საქართველოს ქალთა ლიგის 2019წ. გამარჯვებულმა „ლანჩხუთმა“ პროცედურა წარმატებით გაიარა და შესაბამისი ლიცენზია მიიღო.

„პროცესში მონაწილეობდნენ ასევე ქალთა კლუბები „ნიკე“ (თბილისი) და „ნორჩი დინამო მერანის“ (თბილისი) ქალთა გუნდი. კლუბებს მიღებული გამოცდილება საქართველოს ქალთა ლიგის ლიცენზირების პროცესში გამოადგებათ, რომელიც მომავალი სეზონიდან დაინერგება“, – წერია სფფ-ს განცხადებაში.

ლიცენზირების კომიტეტის ონლაინ სხდომაში მონაწილეობდნენ და გუნდებს მიმართეს უეფას კლუბების ლიცენზირების უფროსმა ალეშ ზავრლმა, ასევე სფფ-ის ხელმძღვანელებმა, გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ ჯღარკავამ.

დატოვე კომენტარი