საკლუბო ასოციაციის პრეზიდენტმა გეგმები დააანონსა - შემდეგი ნაბიჯი პროფლიგის ჩამოყალიბებაა #1TVSPORT
საკლუბო ასოციაციის პრეზიდენტმა გეგმები დააანონსა - შემდეგი ნაბიჯი პროფლიგის ჩამოყალიბებაა #1TVSPORT

ქართული საფეხბურთო კლუბების ასოციაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ასოციაციის თავმჯდომარე მიხეილ იაშვილმა ორგანიზაციის ​სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. საფეხბურთო კლუბ წყალტუბოს „სამგურალის“ პრეზიდენტის თქმით, მალე ორგანიზაციის პროფლიგად გადაკეთება იგეგმება.

„პროფესიული კლუბების ასოციაციები ევროპაში წარმატებით საქმიანობენ. გვინდა მათი გამოცდილება ჩვენც გავიზიაროთ და ერთობლივად გადავწყვიტოთ ისეთი საკითხები, რომელიც ქართული ფეხბურთისთვის სარგებლის მომტანი იქნება. საქართველოში საფეხბურთო კლუბების ასოციაციის დაფუძნების მიზანი ქართული კლუბების ინტერესების დაცვა, განვითარება, გაძლიერება და მათთვის ისეთი გარემოს შექმნაა, რაც საბოლოო ჯამში ეროვნული ლიგის პროგრესს შეუწყობს ხელს. გასულ ჩემპიონატში არაერთი პრობლემა გამოიკვეთა, რისი გამოსწორებაც გუნდებს ერთობლივი ძალისხმევითა და თანამშრომლობით შეგვიძლია. ამისთვის, მეტი კომუნიკაცია და ჩართულობაა საჭირო. მაგალითად, იყო მოედნების პრობლემა, სხვა საკითხებიც. კლუბებმა ერთად უნდა ვეძებოთ გამოსავალი და მოვძებნოთ პრობლემების გადაჭრის გზები“, – ამბობს მიხეილ იაშვილი.

მისი თქმით, ორგანიზაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან მჭიდრო კომუნიკაციას გეგმავს:

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდთან საინტერესო შეხვედრები და მოლაპარაკებები გვქონდა. გვინდა აქტიურად ჩავერთოთ ფონდის ახალი პროგრამის შემუშავებაში, რომელიც 2023 წლიდან ამოქმედდება. ვფიქრობთ, ჩვენი ჩართულობით ფონდის საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტური იქნება. ჩვენი აზრით, ახალ პროგრამაში მთავარი პრიორიტეტი ბავშვთა ფეხბურთის განვითარება უნდა იყოს“.

თავდაპირველად ასოციაცია ხუთ კლუბს აერთიანებდა („დინამო თბილისი“, „ლოკომოტივი“, „საბურთალო“, „სამგურალი“ და „გაგრა“), ახლახან მას კიდევ სამი კლუბი: ბათუმის „დინამო“, ქობულეთის „შუქურა“ და „რუსთავი“ შეუერთდა. იაშვილის თქმით, ორგანიზაციაში მალე კიდევ ორი გუნდის გაწევრიანებას ელიან:

„უახლოეს მომავალში ალბათ ქუთაისის „ტორპედო“ და „ვიტ-ჯორჯია“ შემოგვიერთდებიან. საბოლოოდ, კი ასოციაციაში ყველა კერძო კლუბი გაერთიანდება“.

იაშვილის განცხადებით, საფეხბურთო კლუბების ასოციაციის შექმნა პროფესიული ლიგის ჩამოყალიბების წინაპირობაა:

„ამ საკითხზეც ვისაუბრეთ – ფეხბურთის ფედერაცია დაინტერესებულია, რომ პროფლიგა ჩამოყალიბდეს, ვმუშაობთ ფინანსებისა და სპონსორების მოძიებაზე. გვინდა ფეხბურთის განვითარებისთვის მეტი თანხა მოვიძიოთ და პროფესიული ლიგა ჩამოვაყალიბოთ. ეს ქართული ფეხბურთისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება“.

ქართული კლუბების ასოციაციის თავმჯდომარემ ორგანიზაციის უახლოესი ჩანაფიქრი გაამხილა:

„საინტერესო იდეები გვაქვს, რომელთა განხორციელება ახალი საფეხბურთო სეზონიდანაც შეიძლება. იცით, რომ ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ლიგის ყველა მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას ახორციელებს. ჩვენი ჩემპიონატი საკმაოდ ყურებადი გახდა, გულშემატკივრები მატჩებს აქტიურად ადევნებენ თვალს. ჩვენი იდეაა გაკეთდეს საფეხბურთო არხი, რომელიც მთლიანად ეროვნულ ლიგას მიეძღვნება და მატჩების ტრანსლირებას კიდევ უფრო მაღალ ხარისხში განახორციელებს“.