სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში „მწვანე სკოლის“ მასწავლებელი გამოიკითხა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში „მწვანე სკოლის“ მასწავლებელი გამოიკითხა

15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში „მწვანე სკოლის“ ქართული ენა და ლიტერატურის მასწავლებელი ელისო ნიჟარაძე გამოიკითხა.

მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას, მასწავლებელმა სკოლაში მომხდარი ინციდენტი გაიხსენა.

„დილით, როდესაც მივედით სკოლაში, დაგვხვდა წარწერები გაკეთებული კამერებზე, კედლებზე, დაფებზე, საკლასო ოთახებში, აჭრელებული იყო ყველაფერი წითელი წარწერებით. ბავშვები იყვნენ ძალიან შეშფოთებული, შეძრწუნებული. შემდეგ კამერის მიხედვით შეეცადა სკოლა, დაედგინა, ვინ იყო, მაგრამ იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. შემდგომი დეტალები არ ვიცი“, – განაცხადა ელისო ნიჟარაძემ.

ამასთან, მასწავლებელმა აღნიშნა, რომ სოციალური ქსელიდან შეიტყო გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომ ამავე სკოლის მოსწავლე გოგონამ სცადა თავის მოკვლა.

„დადასტურებული ინფორმაცია არ მაქვს. რამდენადაც ვიცი, ამაზე გამოძიება მიმდინარეობს. ჩვენთან ორი სექტორია – საჯარო და კერძო. მე უშუალოდ შეხება ამ ბავშვებთან არ მქონია. შესაბამისად, გარკვეული დეტალები ჩემთვის უცნობია. როგორც მითხრეს, სკოლაში თავის კლასელებთან მოდიოდა ხოლმე. არაფერი პროტესტი ჩვენი სკოლის მიმართ არასდროს დაუფიქსირებია. როგორც მითხრეს, ერთი სემესტრი იყო ჩვენთან. ვიცი, რომ არ ყოფილა არც გაგდებული, არც სტატუსი შეუჩერებია, გადაიყვანა მშობელმა განცხადების საფუძველზე“, – განაცხადა ელისო ნიჟარაძემ.