სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი - დეპარტამენტი განიხილავს ნიგერიის წინააღმდეგ სანქციების ალბათობას, რათა აიძულოს მთავრობა, ქვეყანაში უკეთ დაიცვას ქრისტიანული თემები და რელიგიური თავისუფლება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ნიგერიის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ალბათობას განიხილავს, რათა ნიგერიის მთავრობა აიძულოს, ქვეყანაში უკეთ დაიცვას ქრისტიანული თემები და რელიგიური თავისუფლება, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის აფრიკის საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელმა, ჯონათან პრატმა წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
„ტრამპის ადმინისტრაცია ამუშავებს გეგმას, რათა წაახალისოს და აიძულოს ნიგერიის მთავრობა, უკეთ დაიცვას ქრისტიანული თემები და გააუმჯობესოს რელიგიური თავისუფლება. ეს გეგმა განიხილავს აშშ-ის და სახელმწიფო ხაზინის ჩართულობას სანქციებთან დაკავშირებით, ასევე ომის დეპარტამენტის შესაძლო ჩართულობას ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში“, – განაცხადა პრატმა.
ცნობისთვის, გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში დონალდ ტრამპმა ნიგერიის ხელისუფლება არაერთხელ გააკრიტიკა. მისი თქმით, ქვეყანაში ქრისტიანებს კლავენ, რასაც აშშ არ დაუშვებს და თუ ნიგერიის ხელისუფლება გადამჭრელ ზომებს არ მიიღებს, იძულებული იქნება, იმოქმედოს.
ამასთან, ტრამპმა ნიგერია „განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქვეყნების“ სიაში დაამატა, სადაც რელიგიურ თავისუფლებას არღვევენ.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას ნიგერიის ხელისუფლება გამოეხმაურა. ნიგერიის მთავრობამ პირობა დადო, რომ ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს და ამ მიმართულებით ვაშინგტონთან თანამშრომლობაზე მზაობა გამოთქვა.