სახელმწიფო დეპარტამენტი - ენტონი ბლინკენმა დმიტრო კულებას განუცხადა, რომ აშშ მოკავშირეებთან ერთიანი და მტკიცეა უკრაინის მხარდაჭერასა და რუსეთის მთავრობისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაში
სახელმწიფო დეპარტამენტი - ენტონი ბლინკენმა დმიტრო კულებას განუცხადა, რომ აშშ მოკავშირეებთან ერთიანი და მტკიცეა უკრაინის მხარდაჭერასა და რუსეთის მთავრობისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაში

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას ტელეფონით ესაუბრა.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი იტყობინება, ბლინკენმა უკრაინას მხარდაჭერა შესთავაზა და უკრაინის ქალაქებზე რუსეთის თავდასხმები დაგმო.

სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ აშშ თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთიანი და მტკიცეა უკრაინის მხარდაჭერაში და რუსეთის მთავრობისთვის მისი არჩევანით დაწყებული ომისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ენტონი ბლინკენმა მტკიცე სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს, „რომელიც მამაცურად ეწინააღმდეგება და იგერიებს სასტიკ, წინასწარ განსაზღვრულ და არაპროვოცირებულ რუსულ ინტერვენციას“.

ბლინკენთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრიც ავრცელებს.

დმიტრო კულება სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ მან სახელმწიფო მდივანს უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდებისა და რუსეთისთვის მეტი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.

„ჩვენი სატელეფონო საუბრის დროს, სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა დამარწმუნა, რომ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინისადმი უცვლელია. მე ხაზი გავუსვი, რომ უკრაინა ისწრაფვის მშვიდობისკენ, თუმცა ვიდრე ჩვენ რუსეთის თავდასხმის ქვეშ ვართ, ჩვენ გვჭირდება მეტი სანქციები და მეტი იარაღი. სახელმწიფო მდივანმა დამარწმუნა ორივეში. ჩვენ მომდევნო ნაბიჯების კოორდინირება მოვახდინეთ“, – წერს კულება.