სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ გერმანიის ახალ მთავრობასთან ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას ელოდება
სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ გერმანიის ახალ მთავრობასთან ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას ელოდება

გერმანიაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, აშშ გერმანიის ახალ მთავრობასთან ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას ელოდება, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ჯელინა პორტერმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ ვიცით წინასწარი შედეგები და ველოდებით გერმანიის მომავალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებების შედეგებს. ასევე ველოდებით, გავაგრძელოთ გერმანიასთან ძლიერი პარტნიორობა საერთო ინტერესების მრავალ საკვანძო საკითხზე“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ ახალი მთავრობის ფორმირებამდე აშშ გააგრძელებს ჩართულობას გერმანიის მოქმედ მთავრობასთან მრავალ ორმხრივ საკითხთან და გლობალურ გამოწვევასთან დაკავშირებით.

გერმანიაში 26 სექტემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ხმების 25,7 პროცენტი მოიპოვა. მმართველ კოალიციას – ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიან სოციალური კავშირის ბლოკს ხმების 24,1 პროცენტი აქვს. მესამე ადგილზე „მწვანეები“ არიან ხმების 14,8 პროცენტით, თავისუფალ დემოკრატიულ პარტიას ამომრჩეველთა 11,5 პროცენტის მხარდაჭერა აქვს, ულტრამემარჯვენე პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ -10,3 პროცენტი.