„სახალისო ფეხბურთი“ ახალქალაქში - ფესტივალი მაისში დასრულდება #1TVSPORT
„სახალისო ფეხბურთი“ ახალქალაქში - ფესტივალი მაისში დასრულდება #1TVSPORT

უეფა-ს მედია-ოფიცერი და ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების განყოფილების ხელმძღვანელი მამუკა კვარაცხელია ახალქალაქის რაიონს ესტუმრა და დანიელების დაარსებული საერთაშორისო პროექტის, „სახალისო ფეხბურთის“ ეგიდით ბავშვები ავარჯიშა.

„1989 წელს უნივერსიტეტის სტუდენტებმა სახლები ავაშენეთ ეკომიგრანტი აჭარლებისთვის, ახალქალაქის მახლობლად სოფელ კოთელიაში. 32 წლის მერე ღმერთის წყალობით კოთელიას და რაიონის სხვა სოფლებს ისევ ვეწვიე და პატარები სახალისო ფეხბურთით გავახარე. ჯერ ახალქალაქის მეხუთე სკოლას ვესტუმრე და ქართველ და სომეხ ბავშვებს სახალისო ფეხბურთი ჩავუტარე (პროგრამას „4ს“ დავარქვი: საბავშვო-სახალისო-საფეხბურთო-სკოლა). საოცარი მასწავლებლები გავიცანი, დირექტორებმა კი გამაოცეს. ქალბატონმა თამარმა და ბატონმა რუსტამმა ლამის მაჯობეს ქართული ფეხბურთის ისტორიის ცოდნაში“, – ამბობს მამუკა კვარაცხელია.

მისი თქმით, სამცხე-ჯავახეთში ჩასვლა მამა ალექსანდრეს საქმიანობამ განაპირობა.

„ეს ადამიანი 9 სოფელში მოღვაწეობს. მსახურება 14 საუკუნის წინათ დაარსებულ სოფელ ჯავახურ ოკამში დაიწყო. ის ჯავახური ცხრა სოფლისა და საქართველოს იმედია. თბილისელი კაცი, ძველი ფეხბურთელი, მამა ალექსანდრე ახალქალაქში მეუღლესა და 6 შვილთან ერთად ცხოვრობს და უძველეს ჯავახურ მიწაზე საქართველოს ემსახურება. როდესაც მისი ამბავი გავიგე, გადავწყვიტე ცხრავე სოფელს ვესტუმრო და პატარები ფეხბურთით გამეხალისებინა და მგონია, რომ გამოვიდა. ყველაზე მეტად ის მიხაროდა, რომ ქართველი და სომეხი ბავშვების ჟრიამული ისმოდა“.

მამუკა კვარაცხელიას თქმით, „სახალისო ფეხბურთის“ ფესტივალი ახალქალაქში მაისში დასრულდება და მასში სულ 9 სოფელი ჩაერთვება.