საკალათბურთო სუპერლიგაში „ცხუმ-აფხაზეთმა“ „ოლიმპი“ დამაჯერებლად დაამარცხა
საკალათბურთო სუპერლიგაში „ცხუმ-აფხაზეთმა“ „ოლიმპი“ დამაჯერებლად დაამარცხა

30 ოქტომბერს დაწყებული სუპერლიგის მე-3 ტური 1 ნოემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დასრულდა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა „ცხუმ-აფხაზეთმა“ 88:55 დაამარცხა „ოლიმპი“.

3 ტურის შემდეგ ეს გახლდათ ცხუმელების მე-2 გამარჯვება, ხოლო ოლიმპელები სამივე წაგებით აუტსაუდერთა შორის არიან. „ცხუმ-აფხაზეთი“ თავიდანვე დაწინაურდა, სოლიდური უპირატესობა მოიპოვა და მთელი თამაში ისე იგებდა, საფრთხე წუთითაც არ დამუქრებია. შეხვედრა ისე დაიწყო, ბოლო წლებში ანალოგი რომ ძნელად მოეძებნება. „ცხუმ-აფხაზეთი“ შეხვედრის მე-6 წუთზე 20:0 იგებდა: „ოლიმპმა“ თამაშში პირველი ბურთი საწყისი პერიოდის დასრულებამდე 4:25 წუთით ადრე ჩააგდო.

პირველი ნახევარი ისე ჩამთავრდა, მოედანზე არაფერი შეცვლილა – 51:20. ვინც კი მოედანზე იყო, ცხუმელთაგან ყველამ ჩინებულად ითამაშა. განსაკუთრებით საქებარია გუნდის ამერიკელი ლეგიონერი ტაილერ გრინი, რომელიც მხოლოდ 180 სმ სიმაღლისაა და წინა ორ მატჩში ჯამში 4 ქულა ჩააგდო. „ოლიმპთან“ კი ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო და 17 ქულას 5 პასი და 4 მოხსნა მოაყოლა. ცხუმელთა ფარქვეშა ბურჯი გიორგი შარაბიძე გახლდათ, ალექსანდრე ფევაძე კი უნივერსალურად ირჯებოდა – შედეგიანი იყო როგორც პერიმეტრიდან, ისე სამწამიან ზონაში.

საბოლოოდ 18 ქულით ბომბარდირი შარაბიძე გახდა, ხოლო საერთო სარგებლიანობით ფევაძემ ყველას აჯობა – 16 ქულა, 18 მოხსნა, 3 პასი. 12 ქულა 4 სამქულიანით მოაგროვა ნოდარ გოგოძემ. ოლიმპში 18 ქულით კენდრიკ ტომპსონი გამოირჩა, 13 ქულა და 14 მოხსნა ლუკა კალატოზიშვილმა დააგროვა.

gbf.ge

დატოვე კომენტარი