საკალათბურთო სუპერლიგა - „ქუთაისმა“ მიმდინარე სეზონში მეორე მატჩი წააგო
საკალათბურთო სუპერლიგა - „ქუთაისმა“ მიმდინარე სეზონში მეორე მატჩი წააგო

თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გაიმართა საქართველოს სუპერლიგის მორიგი ტურის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს  „დელტა“ და „ქუთაისი“ შეხვდნენ. ამ თამაშის დაწყებამდე, „ქუთაისის“ უახლოესმა მდევარმა, თბილისის „დინამომ“, „თსუ-ჰიუნდაი“ 89-84 დაამარცხა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ამიტომ, ერთპიროვნული ლიდერობის შესანარჩუნებლად, თავისი მატჩი ქუთაისელებსაც აუცილებლად უნდა მოეგოთ.

შეხვედრა პირველიდან ბოლო წუთამდე თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. პირველი ტაიმის ბოლოს ქუთაისელებმა საკმაოდ კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა „დელტამ“ ჩამორჩენის აღმოფხვრა ოთარ ფხაკაძის ზუსტი შორეული სროლებით შეძლო და შესვენებაზე ერთქულიანი უპირატესობით გავიდა – 49-48.

მეორე ტაიმის დასაწყისში „ქუთაისი“ ისევ გაიქცა წინ, მაგრამ „დელტამ“ ისევ შეძლო ჩამორჩენის აღმოფხვრა და მესამე მეოთხედი შვიდქულიანი უპირატესობით დაასრულა – 72-65.

გადამწყვეტ მეოთხედში „დელტამ“ გამარჯვება ხელიდან აღარ გაუშვა (91-80) და სატურნირო მდგომარეობაც ოდნავ გაიუმჯობესა: 6/3 ბალანსით „თსუ-ჰიუნდაისთან“ მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს.

რაც შეეხება „ქუთაისს“, ამ გუნდმა მიმდინარე პირველობაზე მეორე მატჩი წააგო და ბალანსით თბილისის „დინამოს“ გაუთანაბრდა (7/2).

მომდევნო ტურში, 13 თებერვალს, „ქუთაისი“ სტუმრად „თსუ-ჰიუნდაის“ შეხვდება, „დელტა“ კი შინ „მგზავრებს“ მიიღებს. რაც შეეხება თბილისის „დინამოს“, იმავე 13 თებერვალს დედაქალაქელები სტუმრად „შსს აკადემიას“ შეხვდებიან.