საკალათბურთო ევროლიგის მესამე ტურში თორნიკე შენგელიამ „ბარსელონას“ „ვალენსიასთან“ 12 ქულა შესძინა [ვიდეო] #1TVSPORT

საკალათბურთო ევროლიგის მესამე ტურის შეხვედრაში თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ საკუთარ მოედანზე „ვალენსია“ 108:102 დაამარცხა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მოედანზე 30 წუთი გაატარა, ხოლო თავის გუნდს 12 ქულა, 2 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და ერთი ჩაჭრა შესძინა. შენგელიამ 11-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, ასევე 5-დან 4 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა.

„ბარსელონას“ შემადგენლობაში 27 ქულით საუკეთესო კევინ პანტერი იყო, 19 ქულა ჰქონდა ვილ კლაიბერნს, 14 – ტომაშ სატორანსკის.

ესპანურ გრანდს ევროლიგაში ჩატარებული სამი მატჩის შემდეგ ორი გამარჯვება და ერთი მარცხი აქვს. მომდევნო მატჩს აღნიშნულ ტურნირზე შენგელიას გუნდი 14 ოქტომბერს თელ-ავივის „მაკაბისთან“ ჩაატარებს. მანამდე, 12 ოქტომბერს ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩი ელის „ფორსა ლეიდესთან“.