საკალათბურთო ევროლიგა მომავალი სეზონიდან ფორმატს შეცვლის – ტურნირში 24 გუნდი იასპარეზებს #1TVSPORT
საკალათბურთო ევროლიგა 2027/2028 წლების სეზონიდან ახალი ფორმატით ჩატარდება. ტურნირში მონაწილე გუნდების რაოდენობა 20-დან 24-მდე გაიზრდება, ხოლო კლუბები ორ კონფერენციაში გადანაწილდებიან, – ამის შესახებ ევროლიგის პრეზიდენტმა, დეიან ბოდიროგამ განაცხადა.
ბოდიროგამ სერბულ გადაცემა Radar Forum-ში ევროლიგის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და დაადასტურა, რომ ორგანიზაცია ტურნირის გაფართოებასა და ახალი საკონფერენციო სისტემის დანერგვას გეგმავს.
„ევროლიგის განვითარების შემდეგი ეტაპი გაფართოებასა და ფრენჩაიზების სისტემაზე გადასვლას უკავშირდება. მომავალი სეზონიდან ფორმატს შევცვლით. ამჟამად ტურნირში 20 კლუბი მონაწილეობს და ყველა ერთმანეთს ხვდება, ახალი სისტემით კი 24 გუნდი ორ კონფერენციაში გადანაწილდება. ჯერჯერობით არ განგვისაზღვრავს, რა კრიტერიუმებით დაკომპლექტდება კონფერენციები“, – განაცხადა ბოდიროგამ.
მოქმედი ფორმატით ევროლიგაში 20 გუნდი ასპარეზობს. რეგულარულ სეზონში თითოეული კლუბი 38 მატჩს ატარებს – მეტოქეებს შინ და სტუმრად ხვდება.
ახალი სისტემით ევროლიგაში ოთხი დამატებითი გუნდი გამოჩნდება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რომელი კლუბები შეუერთდებიან ტურნირს და როგორ განისაზღვრება რეგულარული სეზონის კალენდარი. ცვლილებების დეტალები მოგვიანებით დაზუსტდება.