საია-ს ცნობით, დაზარალებულისთვის სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლებზე დაწესებული აკრძალვა საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო
საია-ს ცნობით, დაზარალებულისთვის სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლებზე დაწესებული აკრძალვა საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელე კონსტანტინე გამსახურდიას კონსტიტუციური სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რაც პროკურორს უკრძალავდა დაზარალებულისთვის სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლების მიღების შესაძლებლობას, – ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

მოსარჩელის ინტერესებს ამ საქმეში იცავდა საია და ადვოკატი ამირან გიგუაშვილი.

„ამ გადაწყვეტილების მიღებამდე დაზარალებულს საქმის მასალებს აცნობდნენ პროკურატურაში ან საგამოძიებო ორგანოში შესაბამისი პროკურორის ან გამომძიებლის ზედამხედველობის ქვეშ. დაზარალებულს არ ჰქონდა უფლება პროკურატურიდან წაეღო სისხლის სამართლის საქმის ასლები და სხვა ადგილას გასცნობოდა საჯარო მოხელეების ზედამხედველობის გარეშე.

საკონსტიტუციო სასამართლომ ეს აკრძალვა ცნო არაკონსტიტუციურად, ვინაიდან დაზარალებულს არ ჰქონდა ასლების მიღების შესაძლებლობა მაშინაც კი, როცა ამით ზიანი არ მიადგებოდა გამოძიების ინტერესებს, ასევე ასლების მიღებით არ მოხდებოდა სხვა ადამიანის პირადი ცხოვრების გასაჯაროების შესაძლებლობა. დაზარალებულს ბლანკეტურად, ყველა შემთხვევაში ერთმეოდა სისხლის სამართლის საქმის მასალების მიღების შესაძლებლობა. საკონსტიტუციო სასამართლომ პარალამენტს მიანდო იმ საკითხის გადაწყვეტა, თუ ვის უნდა დაეკისროს სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლების გადაღების ხარჯები: დაზარალებულს თუ სახელმწიფოს.

საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებულია ყველა ადამიანის უფლება, საჯარო დაწესებულებაში გაეცნოს მასზე არსებულ ინფორმაციას. საკონსტიტუციო სასამართლომ სწორედ აღნიშნული კონსტიტუციური დებულების დარღვევა დაადგინა ამ საქმეში, ვინაიდან დანაშაულის შედეგად დაზარალებულ პირს არ ჰქონდა მის შესახებ პროკურატურასა და საგამოძიებო ორგანოში დაცული ინფორმაციის ასლის სახით მიღების შესაძლებლობა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნულ საქმეს USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით აწარმოებდა“, – აღნიშნულია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი