საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ ფრენები სრულად 2024 წლამდე ვერ აღდგება

02:29, 29.07.2020

გლობალური საჰაერო მიმოსვლა კორონავირუსის პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას 2024 წლამდე ვერ დაუბრუნდება, – ამის შესახებ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციაში (IATA) განაცხადეს.

„ევრონიუსის“ ცნობით, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ პესიმისტური პროგნოზის ერთ-ერთი მიზეზი აშშ-სა და განვითარებად ეკონომიკებში ვირუსის შეკავების ნელი ტემპებია. ასევე, მიზეზად სახელდება კორპორატიული მოგზაურობის შემცირება და მომხმარებელთა ნდობის მაჩვენებლის კლება, „კოვიდ-19“-ით დაინფიცირების შიშის გამო.

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია მოუწოდებს მთავრობებს, განახორციელონ ზომები საჰაერო მოგზაურობისადმი ნდობის გასაზრდელად.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით, ივნისში საერთაშორისო ტრეფიკი 96,8 პროცენტით შემცირდა.

მსგავსი