საგოლე შეტევა დავითაშვილისგან - „როტორის“ მეორე ფრე (ვიდეო)

რუსეთის პრემიერლიგის მე-6 ტურში ვოლგოგრადის „როტორი“, სადაც ხუთი ქართველი ფეხბურთელი ირიცხება, „ხიმკის“ ესტუმრა და მხოლოდ ქულა მოიპოვა.

სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ საბა კვირკველია და ზურიკო დავითაშვილი. ორივემ შეუცვლელად ითამაშა. კვირკველიამ ზედიზედ მეორე შეხვედრაში ყვითელი ბარათი დაიმსახურა.

რაც შეეხება ვოლგოგრადელთა კიდევ სამ ქართველ ფეხბურთელს, ისინი განაცხადში ამჯერადაც ვერ მოხვდნენ. ჯანო ანანიძე და ნიკა ყიფიანი ფორმის აღდგენას ცდილობენ, ხოლო ბექა მიქელთაძე ტრავმირებულია.

ორივე გუნდი პრემიერლიგაში წელს დაბრუნდა. ორივე აუტსაიდერია და ამდენად შედეგს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ვოლგოგრადელები 32-ე წუთზე დაწინაურდნენ, გოლი კი ზურიკო დავითაშვილის წამოწყებული შეტევის შედეგად გავიდა. 19 წლის ქართველმა ნახევარმცველმა მოედნის ცენტრში ბურთი ორ მცველს წაართვა და ფლანგზე ანაგუნდელი მძებნა, რომლისი გადაცემითაც კირილ მულინმა გაიტანა. მასპინძლებმა 56-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს და მატჩი 1:1 დასრულდა.

მოსკოვში „სპარტაკმა“ ტულის „არსენალი“ 2:1 დაამარცხა, სადაც კვლავ არ უთამაშია გია გრიგალავას, რომელიც საქართველოს ნაკრებშია გამოძახებული. გამოცდილ მცველს მცირე ტრავმა აწუხებს, მაგრამ სანაკრებო შეკრებისთვის მზად უნდა იყოს.

პრემიერლიგაში ჩატარებული 6 ტურის შემდეგ ვოლგოგრადის „როტორმა“ მხოლოდ 2 ქულა მოიპოვა და ბოლო, მე-16 ადგილზეა, მას „ხიმკი“ერთი ქულით ასწრებს.