საგოლე პასი ლაკვეხელიანისგან - ქართველი მცველი „მეზოკოვეშდს“ მოგებაში დაეხმარა [ვიდეო] #1TVSPORT
ლუკა ლაკვეხელიანი უმძიმესი ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა და „ჰონვედთან“ „მეზოკოვეშდის“ ურთულეს გამარჯვებაში საკუთარი წვლილი სეიტანა.
ეს გუნდები ერთმანეთს უნგრეთის ჩემპიონატის მე-10 ტურის შეხვედრაში დაუპირისპირდნენ. „ჰონვედის“ ახლახანს აშენებულ „ბოჟიკ არენაზე“ გამართულ მატჩში ანგარიში მე-7 წუთზე სტუმრებმა იაკუბ ვოიტუსის გოლით გახსნეს – საგოლე გადაცემა ლუკა ლაკვეხელიანმა გააკეთა.
მე-17 წუთზე „მეზოკოვეშდის“ მცველი რობერტ პილარი მოედნიდან გააძევეს, რითაც „ჰონვედმა“ ისარგებლა და 86-ე წუთამდე 2:1-ს იგებდნენ. მაგრამ კაცნაკლულმა „მეზოკოვეშდმა“ მოახერხა და 86-ე და 90+3-ე წუთებზე გატანილი გოლებით მეტოქეს სამი ქულა აართვა – 2:3.
ლუკა ლაკვეხელიანი „საბურთალოდან“ უნგრულ კლუბში 2020 წლის აგვისტოში გადავიდა და სადებიუტო მატჩში „კიშვარდასთან“ თავი საგოლე პასით გამოიჩინა. ლაკვეხელიანი „მეზოკოვეშდის“ სასტარტო შემადგენლობაში იმკვიდრებდა თავს, მაგრამ ზუსტად ერთი წლის წინ (მაშინაც „ჰონვედთან“ შეხვედრისას) მოედანზე 57-ე წუთზე შესული 73-ე წუთზე შეცვალეს.
ლაკვეხელიანს უმძიმესი ტრავმა დაუდგინეს – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთმა ყოფილმა ლიდერმა ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, რასაც ხანგრძლივი მკურნალობა და რეაბილიტაცია დასჭირდა და მოედანს მხოლოდ ახლახანს დაუბრუნდა.