საგარეო უწყება - გერმანიასთან მჭიდრო ურთიერთობა საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია
საგარეო უწყება - გერმანიასთან მჭიდრო ურთიერთობა საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია

2022 წელს საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავი აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გერმანიასთან მჭიდრო ურთიერთობა საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

„პროგრესი, რომელსაც ორმა ქვეყანამ ბოლო 30 წლის განმავლობაში მიაღწია, კერძოდ, მტკიცე და ყოვლისმომცველი პარტნიორობა, ორსაუკუნოვან ისტორიულ ფუნდამენტსა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება.

გერმანია, როგორც საქართველოს ერთგული მოკავშირე, მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ისევე როგორც ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

გერმანია აქტიურად ეხმარება საქართველოს „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის“ (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში, როგორც ფინანსურად, ისე ექსპერტული მონაწილეობით. საქართველო გერმანიისთვისაც ერთგული და საიმედო პარტნიორია. ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ (RSM) ქართველი და გერმანელი სამხედროები მხარდამხარ იდგნენ და ერთად ასრულებდნენ ურთულეს ამოცანებს.

დღეს საქართველო მშვიდობაზე, განვითარებასა და ევროპული დემოკრატიის მშენებლობაზე ორიენტირებული ქვეყანაა, რომელიც  დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ევროპულ ინსტიტუტებთან დაახლოების გზას წარმატებით გადის. ეს წარმატება კი, პარტნიორი ქვეყნების, კერძოდ, გერმანიის მხარდაჭერისა და ჩართულობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.

გერმანიის როლი ამ მიმართულებით განსაკუთრებით თვალსაჩინოა. ორ ქვეყანას უამრავი საერთო ინტერესი და მისწრაფება, ასევე მრავალგანზომილებიანი ურთიერთობები აერთიანებს. გერმანია საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკური და სავაჭრო პარტნიორია. გერმანული ინვესტიციით არაერთი  პროექტი განხორციელდა, ისეთ სფეროებში, როგორიცააა ეკონომიკის მდგრადი განვითარება და დემოკრატია, სამართლისა და სასამართლოს რეფორმების მხარდაჭერა, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება, ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა და ენერგოეფექტურობა, სამოქალაქო საზოგადოება და საჯარო ადმინისტრირება.

ქართულ-გერმანული თანამშრომლობის კიდევ ერთი საკვანძო მიმართულებაა განათლება და მეცნიერება.  საქართველოში მრავალი წელია წარმატებით საქმიანობს რეგიონული მნიშვნელობის გოეთეს ინსტიტუტი, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) და სხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციები, რომლებიც ყოველწლიურად გასცემენ სტიპენდიებს გამორჩეული სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის.

ასევე უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია კულტურის სფეროში არსებული ინტენსიური თანამშრომლობა, რაც გერმანიაში საქართველოს ცნობადობის ამაღლებას უწყობს ხელს. მნიშვნელოვანია, რომ უკანასკნელ წლებში ერთმნიშვნელოვნად გაიზარდა გერმანული საზოგადოების ინტერესი საქართველოს მიმართ. აღნიშნულ კონტექსტში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ფრანკფურტის წიგნის გამოფენა-ბაზრობამ, რომელმაც 2018 წლის შემოდგომაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით უმასპინძლა.

გერმანიასთან მჭიდრო კომუნიკაცია და ურთიერთობა საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რაც ქართულ-გერმანული ურთიერთობების დინამიკაზეც აისახება.

საქართველოსა და გერმანიას შორის პარტნიორობამ უკვე მიაღწია ისეთ დონეს, როდესაც, ერთობლივი ძალისხმევით, ორ ქვეყანას შეუძლია თვისებრივად ახალ საფეხურზე აიყვანოს არსებული თანამშრომლობა“, – აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.