საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიის ელჩთან შეხვედრაზე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე ისაუბრეს
საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიის ელჩთან შეხვედრაზე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე ისაუბრეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ჰუბერტ ქნირშთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის ელჩთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის მიმდინარე აქტუალურ თემებს, ორმხრივ ურთიერთობებს, განხორციელებულ ვიზიტებსა და ახლო მომავალში დაგეგმილ ღონისძიებებს.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმე გახლდათ. გერმანულმა მხარემ ქართულ მხარეს გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

„ჩემს ქართველ კოლეგასთან საკმაოდ ნაყოფიერი საუბარი მქონდა. ჩვენ განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები, მისი ბერლინში განხორციელებული ვიზიტი. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას. ეს გერმანიის მხარის გამოძიებაა, თუმცა აღნიშნული საკითხი ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის. მინისტრის პირველ მოადგილეს მივაწოდე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანიის ხელისუფლების დასკვნის თანახმად, არსებობს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული საქმე სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული დანაშაულია და გამოძიება ამაზე დაყრდნობით გრძელდება“, – აცხადებს ჰუბერტ ქნირში.

ვახტანგ მახარობლიშვილმა კი აღნიშნა, რომ ხსენებულ საკითხზე რეგულარულად აქვთ კომუნიკაცია გერმანულ მხარესთან როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროებს, ასევე შესაბამის უწყებებს შორის.