საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების საქმეზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების საქმეზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის რეგიონში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მისი ფაქტობრივი მართვის ქვეშ მყოფი ორი კომპანიის სახელით, ურთიერთშორის ფიქტიურად გაწერა ჯამში 1 079 560 ლარის ღირებულების სამშენებლო/სარემონტო მომსახურების ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რა გზითაც მისსავე კომპანიას შეუქმნა ჯამში 164 678 ლარის ოდენობის ყალბი აქტივი, შედეგად, თაღლითურად დაეუფლა 13 584 ლარს“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.