საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტები გამოავლინეს
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტები გამოავლინეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ხუთი ფაქტი გამოავლინეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები, რომელთა საქმიანობის სფეროსაც წარმოადგენდა მძღოლთა პროფესიული მომზადება-გადამზადება, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებზე გასცემდნენ ავტოსატრანსპორტო საშუალების მომზადების სასწავლო პროგრამის ყალბ მოწმობებს, აღნიშნული პროგრამის გავლის გარეშე“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სს კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 221-ე მუხლის მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.