საგამოძიებო სამსახურმა საქართველოში რეგისტრირებულ სანქციადადებულ კომპანიებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო
საგამოძიებო სამსახურმა საქართველოში რეგისტრირებულ სანქციადადებულ კომპანიებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დღეს დაიწყო გამოძიება საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე. ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებას საფუძვლად დაედო მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სხვადასხვა კომპანიის მიერ ხდება საბაჟო წესის დარღვევით საქონლის/ტვირთის ტრანსპორტირება, განხორციელებული ფინანსური ოპერაციები სრულად არ აისახება კომპანიების სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტებში, რის შედეგადაც საბაჟო წესების დარღვევის გზით, ადგილი აქვს ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადებისათვის თავის არიდებას, ასევე შემდგომში, სხვადასხვა დანაშაულებრივი გზით, ხდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე, 218-ე და 194-ე მუხლებით.