საგამოძიებო სამსახურმა ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო რეალიზაციის ოთხი ფაქტი გამოავლინა
საგამოძიებო სამსახურმა ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო რეალიზაციის ოთხი ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლინდა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ოთხი ფაქტი, რაზეც სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა ხუთი პირი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, თბილისისა და რუსთავის სხვადასხვა უბანში მდებარე, მათივე მფლობელობაში არსებულ აფთიაქებში, სალიცენზიო პირობების დარღვევით ახორციელებდნენ ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციას ფიზიკურ პირებზე რეცეპტის გარეშე, რითაც ხელს უწყობდნენ ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიას.

აღნიშნული ქმედებით, ბრალდებულებმა მიიღეს დიდი ოდენობით შემოსავალი, ხოლო სამოქალაქო ბრუნვაში ყოველგვარი რეგულაციისა და ნებართვის გარეშე შევიდა ჯამში დაახლოებით 850 000 ლარის ღირებულების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტი“, – აცხადებენ უწყებაში.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე.