საფრანგეთში ყალბი ახალი ამბების საწინააღმდეგო კანონი მიიღეს
საფრანგეთში ყალბი ახალი ამბების საწინააღმდეგო კანონი მიიღეს

საფრანგეთში ყალბი ახალი ამბების საწინააღმდეგო კანონი მიიღეს. კანონს ეროვნული კრების წევრი დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.

კანონპროექტის ინიციატორი საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონია, რომელიც ამ გზით წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჭორებისა და ყალბი ახალი ამბების გავრცელების აღკვეთას ისახავს მიზნად.

კანონის მიხედვით, პარტიებს და კანდიდატებს დაჩქარებული წესით შეეძლებათ წინასაარჩვენო პერიოდში გავრცელებული ყალბი ახალი ამბების გასაჩივრება. ამასთან ერთად, კანონი სოციალურ ქსელებს ავალდებულებს, მეტი ინფორმაცია გაავრცელონ ფასიანი კონტენტის დაკვეთების შესახებ.

მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთში „დემოკრატიული ცხოვრების წესის“ დაცვას სურს.

მანამდე ემანუელ მაკრონმა რუსული ტელეკომპანია Russia Today-სა და რუსულ სააგენტო Sputnik-ს წინასაარჩევნო პერიოდში სპეკულაციური მასალების გავრცელებაში დასდო ბრალი. მისივე თქმით, ამ გზით რუსეთი ცდილობდა ზეგავლენა მოეხდინა არჩევნებზე ისევე, როგორც ეს აშშ-ში ხდებოდა.

ახალი კანონი მკაცრად გააკრიტიკეს ჟურნალისტურმა გაერთიანებებმა. მათი თქმით, მაკრონი ცდილობს არასასურველი ინფორმაცია გააკონტროლოს, ცენზურა დააწესოს და მედია შეზღუდოს.