საფრანგეთში საპროტესტო აქციებისას პოლიციის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო, თურქეთი შეშფოთებას გამოთქვამს
საფრანგეთში საპროტესტო აქციებისას პოლიციის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო, თურქეთი შეშფოთებას გამოთქვამს

თურქეთი შეშფოთებას გამოთქვამს საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცველების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ოფიციალური ანკარა საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებს, იმოქმედოს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული და უნივერსალური ნორმებით 5 დეკემბრის მსგავს დემონსტრაციებზე, რომელიც სავარაუდოდ მომავალშიც კვლავ გაგრძელდება.

ასევე, თურქეთი პოლიციის მიერ ინტერვენციას, რასაც პრესის წარმომადგენლების, მათ შორის თურქული სააგენტო „ანადოლუს“ რეპორტიორის დაშავება მოჰყვა, პრესის თავისუფლების წინააღმდეგ ფიზიკურ ინტერვენციად განიხილავს, რაც დაუშვებელია. ანკარა ასევე შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ საფრანგეთის მთავრობამ თურქეთს მომხდარის გამო ბოდიში არ მოუხადა.

პარიზში ემანუელ მაკრონის ინიცირებულ საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მასშტაბური დემონსტრაცია 5 დეკემბერს გაიმართა. ამავე დღეს დაიწყო მასშტაბური გაფიცვა, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. გაფიცვის გამო შეზღუდულია მოძრაობა საავტომობილო გზებსა და სარკინიგზო მაგისტრალებზე.