საფრანგეთში ქალაქის მერმა ძაღლების ყეფა აკრძალა
საფრანგეთში ქალაქის მერმა ძაღლების ყეფა აკრძალა

საფრანგეთში ქალაქის მერმა ძაღლებს ყეფა აუკრძალა.

საქმე ეხება ქალაქ ფიოკიერის მერს, ჟან-პიერ ესტიენს, რომლის განკარგულებითაც ძაღლებს მხოლოდ წკმუტუნი შეუძლიათ, ისიც ხმადაბლა, რათა მეზობლები არ შეწუხდნენ. კანონდამრღვევებს ჯარიმის სახით 68 ევროს გადახდა მოუწევთ.

ქალაქის თავკაცი ამტკიცებს, რომ აკრძალვა აუცილებელია, რადგან ქალაქში ძაღლები მუდმივად ყეფენ და მეზობლებს წყნარად ცხოვრების საშუალებას არ აძლევენ.

ახალი კანონი მას შემდეგ მიიღეს, რაც ქალაქის მცხოვრებლებმა მერის სახელზე პეტიცია შეადგინეს და ერთ-ერთი ქალის სახლში მცხოვრები ძაღლების პრობლემის მოგვარება მოითხოვეს.

ცხოველთა უფლებების დამცველები ფრანგი მერის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, თუმცა თავად პოლიტიკოსი ამტკიცებს, რომ მას ძაღლების საწინააღმდეგო არაფერი აქვს.

მერის მიერ ინიცირებული აკრძალვა ქალაქის საკრებულომაც დაამტკიცა. ძაღლების მფლობელებს იმ შემთხვევაში დააჯარიმებენ, თუ მათ მეზობლები უჩივლებენ.

ფიოკიერი არ არის პირველი დასახლებული პუნქტი საფრანგეთში, სადაც ძაღლების ყეფა არ მოსწონთ. ანალოგიური აკრძალვა 2012 წელს ქალაქ სენტ-ფუა-ლა-გრანდშიც შემოიღეს.

დატოვე კომენტარი