საფრანგეთში დიდი შვიდიანის სამიტის საწინააღმდეგო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა
საფრანგეთში დიდი შვიდიანის სამიტის საწინააღმდეგო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

საფრანგეთის ქალაქ ბაიონეში დიდი შვიდიანის სამიტის საწინააღმდეგო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა, სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს.

აქცია ქალაქ ბაიონეში გაიმართა, რომლის მახლობლადაც მდებარეობს ქალაქი ბიარიცი, სადაც საერთაშორისო ფორუმი იმართება. მიტინგში ყვითელჟილეტანები, ასევე გარემოს დამცველები და ბასკი სეპარატისტები მონაწილეობდნენ.

მიტინგში ასეულობით ადამიანი მონაწილეობდა. დემონსტრანტებს პოლიციამ წინასწარ ჩაუხერგა გზა. მიუხედავად ამისა, აქტივისტები ქალაქის ქუჩებში მაინც გამოვიდნენ და პოლიციისთვის შეურაცხმყოფელ ლოზუნგებს სკანდირებდნენ.

მიტინგის მონაწილეთა ნაწილმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადა, რა დროსაც, სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში დიდი შვიდიანის სამიტი იმართება, რომელის მონაწილეთა უსაფრთხოებას 13 ათასზე მეტი პოლიციელი იცავს.