საფრანგეთში ათასობით მოქალაქემ კოვიდპასპორტების შემოღება გააპროტესტა
საფრანგეთში ათასობით მოქალაქემ კოვიდპასპორტების შემოღება გააპროტესტა

საფრანგეთში ათასობით მოქალაქემ კოვიდპასპორტების შემოღება გააპროტესტა. ინფორმაცია სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ამ თვეში უკვე მესამე შაბათია, საფრანგეთის მოქალაქეები ხელისუფლების მიერ კოვიდპასპორტების შემოღებას აპროტესტებენ, რომელთა ტარება საზოგადო ადგილებში სავალდებულო გახდა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მთელი საფრანგეთის მასშტაბით კოვიდპასპორტების შემოღება ორასი ათასზე მეტმა მოქალაქემ გააპროტესტა, მათ შორის 15 ათასამდე დემონსტრანტი პარიზში შეიკრიბა.

პარიზში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. დაშავებულია სამი პოლიციელი. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა. დაკავებულია 19 ადამიანი.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში მუზეუმებში, კინოთეატრებსა და საცურაო აუზებში მოქალაქეებს, რომლებსაც არ აქვთ ვაქცინაციის დამდასტურებელი მოწმობა, შესვლაზე უარს ეუბნებიან. გასულ კვირაში ქვეყნის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთათვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა, ხოლო კოვიდპასპორტების ტარება ბარებში, რესტორნებში, მატარებლებში, ჰოსპიტლებსა და სავაჭრო ცენტრებშიც სავალდებულო იქნება.

დატოვე კომენტარი