საფრანგეთსა და იტალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობა დაიძაბა
საფრანგეთსა და იტალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობა დაიძაბა

საფრანგეთსა და იტალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობა დაიძაბა. საფრანგეთმა მეზობელი სახელმწიფოდან ელჩის გამოწვევის გადაწყვეტილება მიიღო.

ოფიციალური პარიზის გადაწყვეტილების მიზეზი იტალიის ვიცე-პრემიერის, ლუიჯი დი მაიოს ქმედება გახდა – 5 თებერვალს იტალიელი პოლიტიკოსი პარიზთან ახლოს, მოძრაობა „ყვითელჟილეტიანების“ ლიდერებს შეხვდა. ფაქტის ამსახველი ფოტო ლუიჯი დი მაიომ მიკრობლოგ Twitter-ის პირად გვერდზე თავად გაავრცელა. ამის შემდეგ საფრანგეთის მთავრობამ იტალიას მოუწოდა, მათ შიდა პოლიტიკაში არ ჩაერიონ.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლუიჯი დი მაიოს შეხვედრა ახალ პროვოკაციად შეაფასა. რამდენიმე დღის შემდეგ კი ელჩის გამოწვევის გადაწყვეტილება მიიღო.

საფრანგეთის დიპლომატიური უწყების განმარტებით, ორ ქვეყანას შორის მსგავსი დაძაბულობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღარ ყოფილა.

ორ ევროპულ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა იტალიაში პოპულისტური მთავრობის მისვლის შემდეგ გამწვავდა. პარიზსა და რომში რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე თვეების განმავლობაში ვერ თანხმდებიან. მათ შორის ყველაზე მთავარი, ორი ქვეყნის საიმიგრაციო პოლიტიკაა. საქმე ეხება ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების გადასარჩენად განკუთვნილ ჰუმანიტარულ გემებს. ბოლო თვეებში ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ გადარჩენილი მიგრანტების მიღებაზე ორივე ქვეყანა უარს აცხადებს.