საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრების გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრების გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრების გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ბოლო რამდენიმე კვირაა საფრანგეთში, ესპანეთში, პორტუგალიასა და მაროკოში ჰაერის მაღალი ტემპერეტურის გამო, ტყის ხანძრები მძვინვარებს.

საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ჟირონდას რეგიონში ტყის ხანძრის გამო 12 ათასზე მეტი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძარს, რომელიც ათი ათას ჰექტარზეა გავრცელებული, ათასზე მეტი მეხანძრე ებრძვის. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ჯერჯერობით ვერ ხერხდება ხანძრის სტაბილიზაცია, რის გამოც მისი გავრცელება კვლავ გაგრძელდება.

ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, ტყის ხანძრებია ესპანეთსა და პორტუგალიაში, სადაც ტემპერატურამ 45 გრადუსს გადააჭარბა.

ესპანეთის მალაგას პროვინციის კურორტ მიხასიდან სამი ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. სამი ათას ჰექტარზე მძვინვარებს ხანძარი ექსტრამადურას რეგიონში, სადაც ორი სოფლის ევაკუაცია განხორციელდა. ასევე ტყის ხანძრებია კასტილიისა და ლეონის და გალიციის რეგიონებშიც. ესპანეთის კარლოს მესამის სახელობის ჯანმრთელობის ინსტიტუტის ცნობით, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო კვირების განმავლობაში 360 ადამიანი დაიღუპა.

პორტუგალიაში წლის დასაწყისიდან ხანძრების გამო 40 ათასამდე ჰექტარი ტყეა განადგურებული. ტყის ხანძრები განსაკუთრებით ივნის-ივლისის პერიოდში გავრცელდა.

ხანძარს ებრძვიან მაროკოშიც, რომელმაც ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში ორი ათას ჰექტარზე მეტი ტყის განადგურება გამოიწვია. ბოლო მონაცემებით ხანძარს სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა.